მარია გრაცია ქიურიმ პარიზის მოდის კვირეულზე დიორის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის 96 ლუქი შექმნა, რომლის შთაგონებაც 1950-იანი წლები გახდა, პერიოდი, როდესაც მაესტრო კრისტიან დიორი თავად მუშაობდა საკუთარ ატელიეში.

თუმცა, პოდიუმზე მხოლოდ 50-იანების სილუეტებისა ან არქივული ნამუშევრების ახლებური ინტერპრეტაციის წარმოდგენის მაგივრად, მარიამ შთაგონებისთვის სხვა ხერხს მიმართა, კერძოდ, 50-იან წლების საკულტო ფიგურებს – კრისტიან დიორის დას, ქეთრინ დიორს, ედიტ პიაფს და ჟულიეტ გრეკოს. “მათი სტილი, მათი დამოუკიდებლობა და სახელოვნებო ხედვა იმ დროისთვის რევოლუციური იყო,” აღნიშნა ქიურიმ WWD-სთან საუბარში, “ეს ქალები, როდესაც მათზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ ჩემთან ძალიან ახლო არიან, ჩემი დამოკიდებულებით ცხოვრების მიმართ, ჩემი ხედვით. მათი დახმარებით არქივებს ახლებურად ვუყურებ და ვკითხულობ სახლის კოდებს.”

ყვავილის პრინტები პორტუგალიელმა არტისტმა, ჯოანა ვასკონსელოსმა შექმნა დიორის არქივების დახმარებით, რომლებიც მას მარია გრაციამ გაუზიარა. გიგანტური გაფორმებები პოდიუმზე ასევე ჯოანას ნამუშევრებია, რომლებსაც მან “ვალკირიები” უწოდა, ნორვეგიული მითოლოგიის ქალი მეომრების საპატივცემულოდ.

“ეს ალბათ პირველი კოლექციაა, რომელზეც პარიზს და დიორის მემკვიდრეობას ამხელა გავლენა ჰქონდა,” აღნიშნა დიზაინერმა, რომელიც დიორში უკვე 7 წელია კრეატიული დირექტორია, “ჩემი აზრით, ეს სამი ქალბატონი პარიზული ცხოვრების განსახიერებაა, თუმცა რა თქმა უნდა ეს ჩემი, როგორც იტალიელის გადმოსახედიდანაა. იმედია, ეს ძალიან სტერეოტიპულად არ “ვთარგმნე” პოდიუმზე.” WWD-სთან მარია გრაციამ ასევე აღნიშნა, რომ ახალი კოლექციის წარდგენა ახალი უფროსის, დელფინ არნოს წინაშე მისთვის სტრესული იყო.

იხილეთ კოელქცია: