ინგლისურმა საინფორმაციო გამოცემა Reuters -მა გაავრცელა სკანდალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იტალიის სასამართლომ უფლებამოსილ პირებზე გასცა ბრძანება გამოიძიონ ძვირადღირებული ბრენდების წარმოების ქსელი. მიზეზი კი, დასაქმებულთა შრომითი ექსპლუატაციაა. გამოქვეყნებულ სტატიაში სახელდება მოდის უდიდესი კონგლომერატი LVMH და მის მფლობელობაში არსებული ფრანგული ბრენდი – Dior. როგორც ვკითხულობთ, მილანის სასამართლომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „გამოძიებით გაირკვა, რომ Dior-ის (წარმოების ქსელის) ოთხ მიმწოდებელ კომპანიაში, რომლებიც იტალიის მოდის დედაქალაქის შემოგარენში ფუნქციონირებენ, სამუშაო პერსონალისთვის უკანონო სამუშაო პირობებია შექმნილი,“ კერძოდ, დასაქმებულები ადგილზე მუშაობენ დამატებით საათებს, მათ შორის დასვენების დღეებში, აგრეთვე – ღამე, უმრავლესობა მათგანი ხშირად ღამეს ათევს სამსახურში, ორი პიროვნება კი, ქვეყანაში არალეგალური ემიგრანტის სტატუსით იმყოფება.
იტალია მოდის გლობალური ბიზნესის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. საკონსულტაციო კომპანია Bain-ის გამოთვლით, იტალიას უკავია ძვირადღირებული საქონლის გლობალური წარმოების 50%-დან 55%-მდე, სახელმწიფოში ათასობით მცირე მწარმოებელია, ისინი სახელგანთქმულ ბრენდებთან მუშაობენ და აძლევენ მათ შესაძლებლობას, რომ ბრენდირებულ კოლექციებზე დაიტანონ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სანდო ეტიკეტი – “დამზადებულია იტალიაში”.
Reuters -ის ცნობით, მილანში ჩატარებულმა წარსულმა გამოძიებებმა აჩვენა, რომ მსგავს მცირე მწარმოებლებს შეუძლიათ, Dior -ს, იმ ხელჩანთის წარმოებაში, რომელსაც ბრენდი მაღაზიებში 2600 ევროდ ყიდის, მხოლოდ 53 ევრო გადაახდევინონ.

გავრცელებულ ბრალდებებსა და მიმდინარე გამოძიებაზე LVMH -ში ჯერ-ჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.