დიორის მოდის სახლის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი დირექტორი, კიმ ჯონსი იმ დიზაინერთა წრეს განეკუთვნება, რომლებიც არ უფრთხიან საკუთარ ხელწერაში განსხვავებული ესთეტიკისა და ხედვის ინტეგრირებას. დიორის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის შოუს მთავარი მოვლენა მორიგი გახმაურებული კოლაბორაცია არ ყოფილა, თუმცა შოუ განსხვავებული კულტურული მომენტების ნაკლებობას არ განიცდიდა.
კეი-პოპის ვარსკვლავის, ჯგუფ BTS -ის პოპულარული წევრის, Jimin-ის გლობალურ ამბასადორად დასახელების შემდეგ, ფრანგული ბრენდის ახალი შოუს ლოკაციაზე გულშემატკივართა არმია შეიკრიბა. კორეული პოპის მოყვარულების მოლოდინი ორმაგად გამართლდა, როდესაც შოუზე არა მხოლოდ Jimin, არამედ BTS -ის კიდევ ერთი წევრი – J Hope-იც გამოჩნდა. მაშინ, დიორის შოუზე მისული სტუმრები თავად გახდნენ მოწმე კეი-პოპის პოპულარობის მასშტაბების.

დიორის ვარსკვლავური ამბასადორების რიგებს შორისაა რობერტ პეტინსონიც, რომელსაც გვენდოლინ კრისტისთან ერთად, ჩვენებაში განსაკუთრებული როლი ხვდა წილად. სწორედ რობერტის და გვენდოლინის მიერ წაკითხული ტომას სტერნზ ელიოტის ნაწარმოები, “უნაყოფო მიწა” ედო ფონად ჩვენებას.



რაც შეეხება კოლექციას, ჯონსის შთაგონება ივ სენ ლორანის Dior-ის ბრენდში გატარებული წლები გახდა. სენ ლორანი კრისტიან დიორის პროტეჟე იყო. სწორედ დიორის სურვილით აღმოჩნდა ახალგაზრდა ივი Christian Dior-ის მოდის სახლის მთავარი დიზაინერის თანამდებობაზე. მინიმალისტური, მდიდრული ესთეტიკითა და გრძელი სილუეტებით, კიმ ჯონსის ახალ კოლექციაში სენ ლორანის ხელწერა მარტივი შესამჩნევი იყო.
იხილეთ: Dior შემოდგომა/ზამთარი 2023