Dior-ის მოდის სახლმა, მარია გრაცია ქიურის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კამპანია წარადგინა. კოლექცია შთაგონებულია შუა საუკუნეების Visconti-Sforza-ს ტაროს კარტებით. კოლექციის წარმდგენი 15-წუთიანი ფილმი, სახელწოდებით “Le Château du Tarot“, იტალიელმა რეჟისორმა, მატეო გარონემ გადაიღო. ვიდეო სიმბოლურად სპირიტუალურ მოგზაურობასა და საკუთარი თავის აღმოჩენას ეძღვნება. სიუჟეტი ერთი მთავარი გმირის ირგვლივ ვითარდება, რომელიც მაგიურ სამყაროში გადაინაცვლებს და იდუმალ კოშკში, ტაროს კარტების პერსონაჟებს ხვდება.
როგორც მარია გრაცია ქიური Vogue-თან საუბრისას აღნიშნავს, ტაროს კარტები, მისტიკური სამყაროს გავლით, ერთგვარად იმედის პოვნის სიმბოლოა – “განსაკუთრებით რთულ მომენტში, ზოგჯერ, სწორედ მაგია გვეხმარება, რომ უკეთესზე ვიფიქროთ”. როგორც აღმოჩნდა, კოლექციის და კამპანიის კონცეფცია მნიშვნელოვნად განსაზღვრა პანდემიის ემოციურმა გავლენამ.
“უკვე დიდი ხანია, საკუთარ თავთან მარტო დავრჩით. ასეთ დროს, მეტად ფიქრობ შენი პიროვნების და ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე. პანდემიამ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია ჩვენში. მაგიურ ციხესიმაგრეში მოგზაურობა, ტაროს პერსონაჟების გაცნობაც საკუთარი გადაწყვეტილებების და თავის შეცნობის გამოხატულებაა” – აღნიშნა Dior-ის ქალის ხაზის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა.
კოლექცია სრულად იხილეთ ბმულზე.