Lyst-ის მონაცემებით, იანვარი-აპრილის პერიოდში, Diesel ყველაზე სწრაფად ზრდადი ბრენდი იყო. უახლესი ინფორმაციით კი, ბრენდი ტოპ 10 ყველაზე განხილვად მოდის სახლს შორისაც დასახელდა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დიზელის და გლენ მარტენსის თანამშრომლობა შედგა.

2022 წლის მეორე კვარტლის ყველაზე განხილვადი ბრენდების ათეული ასე გამოიყურება

Lyst Index

სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, რომ ნებისმიერი ბრენდის კომერციულ წარმატებაში მნიშვნელოვანი ადგილი აქსესუარებს, უფრო კონკრეტულად კი, ჩანთებს უკავია. მოთხოვნადი ჩანთის მოდელი ფინანსური სტაბილურობის და რელევანტურობის ერთგვარი გარანტია. გამომდინარე აქედან, გასაკვირი არ არის, რომ დიზელის ათეულში მოხვედრას წინ უძღოდა It-Bag, რომელზეც ყველა ლაპარაკობს.

”1DR” სახელწოდებით დიზელმა ახალი აქსესუარი გაყიდვაში 2022 წლის გაზაფხულის სეზონზე გამოუშვა. მოკლე დროში, ჩანთა ვარსკვლავების საყვარელ ნივთად იქცა. მაილი საირუსი, მეგან სტალიონი, კაილი ჯენერი, ჯულია ფოქსი – ეს იმ სელებრითების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ”1DR” ჩანთით საჯაროდ პოზირებდნენ.

ვარსკვლავებში და სოციალურ ქსელებში ჩანთის პოპულარობა მალე აისახა გაყიდვებშიც. როგორც Lyst Index-ის ახალ რეპორტში ვკითხულობთ, ახლა ”Diesel – 1DR Bag” ქალებისთვის ყველაზე სასურველი პროდუქტების ათეულში პირველ ადგილს იკავებს.

Lyst Index