2019 წელს, როდესაც ამერიკელი დიზაინერი, დენიელ როუზბერი Schiaparelli-ს შემოქმედებით დირექტორად დასახელდა, მან შემდეგი განცხადება გააკეთა: ”ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და ბედნიერებაა იქ განვაგრძო მუშაობა, სადაც ელზა სკიაპარელი 85 წლის წინ შეჩერდა. სკიაპარელი თანამედროვეობის ოსტატი იყო. მის შემოქმედებაში აისახა იმ ამაღელვებელი პერიოდის ქაოსი და იმედი, რომელშიც ის ცხოვრობდა.” სკიაპარელი მართლაც იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და თანამედროვე დიზაინერი, რომელმაც მოდის ისტორიაზე უდიდესი გავლენა იქონია. მისი არქივების ორიგინალური და კრეატიული ინტერპრეტაციით, როუზბერიმ გასულ 3 წელში, სკიაპარელის ბრენდი მოდის ეპიცენტრში დააბრუნა. თუმცა არ იქნება გაზვიადებული თუ დავწერთ, რომ როუზბერის ხედვის წარმატება მეტწილად ოტ-კუტიურ ხაზმა განაპირობა. ოტ-კუტიური კი, თანამდროვეობის ბრენდის სტაბილურობისა და წარმატების გარანტი იშვიათად არის, გამომდინარე მისი უკიდურესად ექსკლუზიური ხასიათისა.

პარიზის მოდის კვირეულის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, ამერიკელმა დიზაინერმა Schiaparelli-ს ყოველდღიური ხაზის პირველი ჩვენება გამართა. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ე.წ. “Ready to wear” კოლექციებს აქამდეც აწარმოებდა, მათი პრეზენტაცია კატალოგის სახით ხდებოდა. ბრენდის მფლობელების გადაწყვეტილება, შოუსთვის ბიუჯეტის გამოყოფის შესახებ, გვაფიქრებინებს, რომ დენიელ როუზბერის ხედვის კომერციული წარმატება კიდევ უფრო სარწმუნო გახდა.

რაც შეეხება კოლექციას, ოტ-კუტიურ კოლექციებისგან განხვავებით, “Ready to wear” შოუ გამოირჩეოდა უფრო მარტივი ლუქებით. წარმოდგენილ ნივთებს შორის იყო ქუჩის სტილის ელემენტებიც, რომლებსაც ადრე, სკიაპარელის კოლექციებში იშვიათად ვხვდებოდით. მიუხედავად იმისა, რომ ტანისამოსის ზოგადი იერი და ესთეტიკა შესაძლოა მოძველებულად მოგვეჩვენოს, კოლექციაში არის პრაქტიკული დატვირთვის მქონე აქსესუარები, რომელთა შეხამება ყოველდღიურ სტილთან შესაძლებელია.

Schiaparelli შემოდგომა/ზამთარი 2023