მაღალი მოდის ფრანგულმა კონგლომერატმა, Kering-მა 2024 წლის მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიში წარადგინა. Kering -ის მფლობელობაშია ისეთი მოდის სახლები, როგორებიცაა: გუჩი, სენ ლორანი, ბალენსიაგა, ალექსანდრ მაკქუინი, ბრიონი და ა.შ. როგორც გაირკვა, Gucci-ის გაყიდვები, გასულ წლებთან შედარებით, კლებას განაგრძობს, რაც კონგლომერატის შემოსავალზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს. Gucci ფრანგული კონგლომერატის უდიდესი ბრენდია, სწორედ ამიტომ, იტალიურ ბრენდში არსებული ქაოტური და არასტაბილური მდგომარეობა Kering-ში განსაკუთრებული მღელვარების საფუძველია.
მიუხედავად იმისა, რომ Kering-ის ფინანსურ რეპორტებში ყველაზე დიდი აქცენტი Gucci-ზეა გაკეთებული, ყურადღების მიღმა არ რჩება კონგლომერატის კიდევ ერთი ცნობილი მოდის სახლი, Balenciaga, რომელშიც 2022 წლის შემდეგ, რეპუტაციის აღდგენაზე მუშაობენ. Kering -ში კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა დემნას და Balenciaga -ს გენერალური დირექტორის, სედრიქ შარბის მიმართ. როგორც ვკითხულობთ, Balenciaga, სკანდელის შემდეგ, პოზიტიურ რელსებზე ბრუნდება. კონგლომერატის ფინანსურ რეპორტში ნახსენებია ბრენდის Rodeo ჩანთის წარმატება,რომელიც სრულად გაიყიდა.
Kering -ის ბრენდების განვითარების აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანჩესკა ბელეტინიმ ფინანსური ანგარიშის განხილვისას აღნიშნა: “ჩვენ სრული ნდობა გვაქვს დემნას, სედრიქისა და მათი გუნდის მიმართ – წარსულში უკვე წარმოუდგენელი წარმატება მოიპოვეს და მომავალშიც ასე იქნება.”
აგრეთვე იხილეთ: დიზაინერები იცვლებიან, დემნა რჩება – რატომ არის დემნა მოდისთვის ასეთი მნიშვნელოვანი?