2022 წლის 28 სექტემბერს, ახალი კოლექციის წარდგენიდან მხოლოდ ორ დღეში, რიკარდო ტიშიმ Burberry-ის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა დატოვა. ორი თვის შემდეგ, ნოემბერში, ალესანდრო მიკელე გამოემშვიდობა „გუჩის“ მოდის სახლს, შემდეგ იყო სიახლე ჯერემი სკოტისა და „მოსკინოს“ თანამშრომლობის დასრულების შესახებ, შემდეგ – ბრუნო სიალელი და „ლანვინი“, ჩარლზს დე ვილმორინი და „როშასი“, ლუდოვიკ დე სენ სერნენი და „ენ დემულემესტერი“, ახლახან კი, გაბრიელა ჰერსტი და „ქლოე“. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერების მოძრავ კარუსელს შოკისმომგვრელ სიახლეს ვერ ვუწოდებთ, ბოლოდროინდელი ტენდენცია და სიახლეები დამაფიქრებელია ერთი მხრივ კრეატიული დირექტორის როლზე მოდის თანამედროვე ბიზნესში და მეორე მხრივ – დიზაინერზე, რომელიც ყველა პროგნოზის მიხედვით, მოდის სისტემის ერთგვარი განახლებისა და ცვლილებების ფაზაში პირველი უნდა ყოფილიყო.
გასული წლის დეკემბერში, როდესაც ფრანგული GQ-ის რედაქტორმა, პიერ ემპელემ (ცნობილი როგორც Pam Boy) ინფორმაციის გადამოწმების გარეშე, „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ბალენსიაგამ ინსტაგრამზე დემნას გამოწერა გაუუქმა,“ იმის ფონზე რომ დემნა სოციალური ქსელების პერსონალურ არხებს არ იყენებს და ბრენდს იგი ინსტაგრამზე გამოწერილი არც არასდროს ჰყავდა, ნათლად გამოჩნდა ინდუსტრიაში არსებული განწყობა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოდა ყოველდღიურ რეჟიმში ელოდა სიახლეს „ბალენსიაგაში“ კრეატიული დირექტორის ცვლილებაზე.
თუ გასულ წელს, „ბალენსიაგას“ გარშემო აგორებული სკანდალის შესახებ არაფერი გსმენიათ, გეტყვით, რომ 2022 წლის ნოემბერში, ბრენდი ბოლო ათწლეულში, მოდაში ყველაზე დიდი სკანდალისა და გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. მიზეზი Balenciaga-ს ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სარეკლამო კამპანია გახდა. სკანდალის მასშტაბის შესაფასებლად საკმარისია ითქვას, რომ მაშინ როდესაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი აქტიურ ფაზაში შედიოდა, ტიკტოკზე ისევე როგორც ამერიკულ სატელევიზიო თუ ბეჭდურ მედიაში, მთავარი თემა „ბალენსიაგას“ სარეკლამო კამპანიები იყო. “სხვა ჟურნალისტებმა, ისევე როგორც დიზაინერებმა მკითხეს, ვფიქრობ, თუ არა რომ დემნა გადარჩება – გააგრძელებს Balenciaga-ში მუშაობას?“ – წერდა New York Times-ისა და The Cut-ის მოდის კრიტიკოსი, ქათი ჰორინი. ღიად თუ ფარულად, ეს იყო კითხვა, რომელიც 2023 წლის დასაწყისში, მოდაში ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა- გააგრძელებს დემნა „ბალენსიაგაში“ მუშაობას?
გახმაურებული სკანდალიდან შვიდი თვის შემდეგ, The New York Times-ის სტატიაში, რომელიც „ბალენსიაგას“ მოდის დღისწესრიგში დაბრუნებას თანმიმდევრულად აღწერს, ვკითხულობთ: „ანა ვინტურმა, რომელმაც დემნა „მეტ გალაზე“ ძალიან გააზრებულად მიიწვია, თქვა, რომ „აღფრთოვანებული იყო“ დემნას Met-ზე დასწრებით. ვინტურის მიღებამ მთელ ინდუსტრიას სიგნალი გაუგზავნა, ისევე როგორც იმ ფაქტმა, რომ Kering-ის აღმასრულებელმა დირექტორმა (იმ კონგლომერატის, რომელიც „ბალენსიაგას“ ფლობს) მილიარდერმა ფრანსუა ანრი პინომ ყველა თავისი ბრენდიდან „ბალენსიაგას“ სმოკინგი შეარჩია „მეტ გალაზე“ ჩასაცმელად. ეს იყო პინოს ერთგულების საჯარო ნიშანი ბრენდისა და მისი დიზაინერის მიმართ.“ სტატიას წინ უძღოდა კანის კინოფესტივალი, სადაც თითქმის 6 თვიანი პაუზის შემდეგ, წითელ ხალიჩაზე Balenciaga-ს სამოსი პირველად ვიხილეთ. კანში ბრენდმა არაერთი ვარსკვლავი შემოსა, მათ შორის ფრანგული კინოს ლეგენდა იზაბელ იუპერი და 2023 წლის „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ტრიუმფატორი მიშელ იუო. ეს ყოველივე კი, საკმარისია იმისათვის, რომ პასუხი გავცეთ გასული თვეების ყველაზე აქტუალურ კითხვას – ამ ეტაპზე, „ბალენსიაგაში“ შემოქმედებითი დირექტორის ცვლილება არ იგეგმება.
თანამედროვე მოდის ბიზნესის საჭიროებებმა დიზაინერის პროფესია მრავალმხრივი გახადა, რამაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში, კრეატიული დირექტორების ფენომენის წარმოშობასა და პოპულარობას შეუწყო ხელი. ერთ დროს შემოქმედებითი ნიჭითა და კერვის გამორჩეული უნარით დაჯილდოებული დიზაინერები, რომელთა პროფესია ესკიზების შექმნას, ქსოვილების შერჩევას, კერვას, ქარგვასა და სამკერვალო ატელიების ხელმძღვანელობას გულისხმობდა, ბიზნესმენები, მარკეტოლოგები და ინფლუენსერები გახდნენ. მათი საქმე კი, დღესდღეისობით, კოლექციების შექმნასთან ერთად, აგრეთვე მოიცავს: ბიზნესის ზოგადი ხედვის განსაზღვრას, ყოველსეზონური სარეკლამო კამპანიებისთვის იდეების შემუშავებას, მაღაზიებისა და დროებითი საშოპინგო სივრცეებისთვის კონცეფციის მოფიქრებას, საჯარო აქტივობებში მონაწილეობას, გამოფენების კურატორობას, სოციალური ქსელების კონტენტისთვის მიმართულების მიცემას, შოუების მოწყობას და ასე დაუსრულებლად. თუ გავითვალისწინებთ, რომ ცოტა ხნის წინ, Louis Vuitton-ის შემოქმედებით დირექტორად მუსიკოსი ფარელ ვილიამსი დაინიშნა, ინდუსტრიაში შექმნილი ქაოსი სულაც არ გაგვაკვირვებს. დიზაინერის პროფესია ასეთი კომპლექსური ისტორიის არცერთ მონაკვეთში არ ყოფილა და რა თქმა უნდა, სიცრუე იქნება თუ ვიტყვით, რომ მოდა ამ გარდამავალ პერიოდს ოსტატურად უმკლავდება. კრეატიული დირექტორების ქაოტურად მოძრავი კარუსელი მოდის სისტემაში არსებული დაბნეულობის კიდევ ერთი მანიშნებელია. თუმცა შექმნილ არასტაბილურობაშიც კი, ინდუსტრიამ დემნა არ დათმო.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა დიზაინერმა Vetements-ის პირველი ჩვენებით მოდა შეცვალა, ხოლო „ბალენსიაგას“ ყოველწლიური გაყიდვები 350 მილიონიდან 2.3 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, ინდუსტრიაში მის მნიშვნელობასა და გავლენას მხოლოდ უნიკალური ხედვა და კომერციული წარმატება არ განაპირობებს. ტრადიციული გაგებით დიზაინერებად და თანამედროვე კრეატიულ დირექტორებად დაყოფილ მოდის ბიზნესში, დემნა ერთგვარ დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. მან ამ სფეროში პირველ წარმატებას ადრეულ 2000-იან წლებში მიაღწია, როდესაც სწავლა დაიწყო მოდის დიზაინის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ და პატივსაცემ სასწავლებელში, რომელსაც ანტვერპენის სამეფო აკადემიის სახელით ვიცნობთ. სწავლის დასრულების შემდეგ, 2006-2008 წლებში, მუშაობდა ანტვერპენის ლეგენდარული ექვსეულის წევრის, ვოლტერ ვან ბეირენდონქის ასისტენტად მამაკაცის სამოსის განხრით, საიდანაც 2008-2012 წლებში, „მარჯიელას“ ქალისა და მამაკაცის სამოსის დიზაინ გუნდში დაწინაურდა, 2011 წელს შეთავაზება მიიღო „ლუი ვიტონის“ ქალის ხაზის და აქსესუარების მთავარი დიზაინერის პოზიციაზე. შეიძლება ითქვას, საკუთარი ბრენდის დაარსებამდე, დემნამ მოდის დიზაინერის კლასიკური გზა თანმიმდევრულად განვლო, თუმცა როგორც ყველასთვის ცნობილია, მას საერთაშორისო აღიარება Vetements-მა მოუტანა.
Vetements ექსპერიმენტული პროექტი იყო ანდაც კრეატიული აჯანყება, როგორც ამას თავად დემნა აღწერს. ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია, „ვეტმოს“ კოლექციებით, ქართველმა დიზაინერმა თავისი პირადი ისტორიის ხმამაღლა და გულწრფელად მოყოლა დაიწყო და გაგვახსენა, რომ ტანსაცმელი შესაძლოა გამოხატავდეს ყველაფერს, რისი თქმაც გინდა, განიცდი და გაწუხებს. ის შესაძლოა იყოს ირონიულიც, შემზარავიც, უხეშიც და არასტანდარტულიც, თუმცა მაინც ძალიან დამაინტრიგებელი და სასურველი. ამ პარადოქსებითა და ირონიით აღსავსე ბრენდმა ერთი მხრივ გამოაცოცხლა მონოტონური მოდის ინდუსტრია და მეორე მხრივ, ხელი შეუწყო ინდუსტრიაში დრამატული ცვლილებების დაჩქარებას. ეტაპობრივად, მოდის სისტემა ისე აეწყო, რომ დიზაინერის პერსონის გარშემო შექმნილი მომენტალური მღელვარება გახდა ბრენდის წარმატების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი. ინფორმაციის გავრცელება ბევრად უფრო დაჩქარდა და გამარტივდა. ინტერნეტ არხების საშუალებით, მიმების კულტურა გააქტიურდა და ბრენდების მარკეტინგის ნაწილადაც იქცა. შედეგად, მოდა მივიდა იმ რეალობამდე, როდესაც ფრანგული მაღალი მოდის ბრენდების სათავეში ისეთ კანდიდატურებს მოიაზრებენ და ირჩევენ კიდეც, რომლებსაც სამკერვალო ატელიეში, ჯამში, შესაძლოა 24 საათიც არ ჰქონდეთ გატარებული. და ფარელიც, რომელიც გამორჩეული ნიჭის მქონე მუსიკოსია, თუმცა დამოუკიდებლად ერთი კოლექციაც არ შეუქმნია, შესაძლოა იყოს „ლუი ვიტონისთვის“ შესაფერისი ლიდერი.
რადიკალური ცვლილებების კვალდაკვალ, ინდუსტრია უფრო და უფრო დაუახლოვდა შოუ-ბიზნესს, გახდა უფრო პოპულარული, მოთხოვნადი და გავლენიანიც, თუმცა ამ პროცესში, დაკარგა კავშირი თავის ტრადიციულ ფესვებთან. ეს კი, თანამედროვე მოდასა და მის მომხმარებელს დაპირისპირებულ ბანაკებად ჰყოფს და ამ მომენტისათვის ბევრ პასუხგაუცემელ კითხვასაც აჩენს, ზოგადად ინდუსტრიისა თუ კონკრეტულად დიზაინერის პროფესიის მომავალზე. შექმნილ რეალობაში, დემნას სახით, ისეთი დიზაინერის არსებობა, რომელიც წარმოადგენს, როგორც მოდის კლასიკურ სახეს, აგრეთვე გასული ათწლეულის რადიკალურ მეამბოხე მოძრაობას, რომელმაც ეს სფერო სამუდამოდ შეცვალა, მოდის სისტემაში მეტად საჭირო პრეცედენტს ქმნის და დემნას აქცევს დიზაინერად, რომელიც გლობალური სკანდალის მიუხედავად, მეორე შანსს იმსახურებს.