გასული წლის მიწურულს, ფრანგული მოდის სახლი BALENCIAGA თანამედროვე მოდის ისტორიაში, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სკანდალში გაეხვა. საყოფაცხოვრებო ნივთებისა და კლასიკური ტანისამოსის, ე.წ. გარდერობის ხაზის ორმა დამოუკიდებელმა კამპანიამ მომენტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი და მისი ქართველი კრეატიული დირექტორი, დემნა უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დააყენა. სოციალურ ქსელებში აგორებულმა კამპანიამ, სადაც ადამიანები ბალენსიაგას კოლექციებს წვავდნენ და ნაგავში აგდებდნენ, ვარსკვლავებს, რომლებიც მანამდე სიამაყით ატარებდნენ ბრენდის სამოსს, ბალენსიაგასთან თანამშრომლობის გადახედვისკენ უბიძგა. შედეგად, დაჯილდოებების სეზონმა, რომელიც ტრადიციულად წლის დასაწყისში აერთიანებს ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა: გრემი, ოსკარი, ოქროს გლობუსი, ბალენსიაგას გარეშე ჩაიარა.
5 მარტს, ბრენდმა სიჩუმე დაარღვია და პარიზის მოდის კვირეულზე, სკანდალის შემდეგ, პირველი ჩვენება გამართა. ამ გზით, ბალენსიაგა მოდის დღისწესრიგს დაუბრუნდა. რასაც მოჰყვა ვარსკვლავების ყოველდღიური სტილის ფოტოებიც, სადაც მათ დემნას კოლექციები ამშვენებდათ, თუმცა წითელი ხალიჩა, რომელიც ცნობილ ადამიანსა და ბრენდს შორის თანამშრომლობის ყველაზე ხმამაღალი და დემონსტრაციული ადგილია, ბალენსიაგასთვის მაინც დიდ გამოწვევად რჩებოდა. ასე მაგალითად, 2023 წლის მეტ გალაზე, რომელსაც ასობით ვარსკვლავი ესწრებოდა, მათ შორის იყო დემნაც, ბალენსიაგას კოლექცია მხოლოდ ტოპ მოდელმა, ვიტორია ჩერეტიმ მოირგო.


გახმაურებული სკანდალიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ პირველად, Balenciaga დემნას ხელმძღვანელობით, კვლავაც გამოჩნდა საერთაშორისო ღონისძიების წითელ ხალიჩაზე. კანის კინოფესტივალზე, ბრენდმა არაერთი ვარსკვლავი შემოსა, მათ შორის ფრანგული კინოს ლეგენდა იზაბელ იუპერი და 2023 წლის ოსკარისა და ოქროს გლობუსის ტრიუმფატორი მიშელ იუო.
Balenciaga-ს სამოსი კანის 2023 წლის კინოფესტივალის წითელი ხალიჩაზე:






Balenciaga-ს სამოსი კანში Kering Women in Motion ღონისძიებაზე:









დემნა Balenciaga-ს ახალ კოლექციას 30 მაისს, პარიზის დროით 15:00 საათზე ციფრულ ფორმატში წარადგენს.