Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის ახალმა შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ფარელ უილიამსმა პარიზში სადებიუტო კოლექცია წარადგინა. 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის მამაკაცის კოლექციის ჩვენება წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდური მომენტია, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა სრულად მოდის ინდუსტრია ელოდა.

პლანეტის ყველაზე დიდი “ლაქშერი” ბრენდის ახალი ერა ფარელმა მოსალოდნელი ხმაურით დაიწყო – ჩვენებას ესწრებოდნენ: ბიონსე, ჯეი ზი, ზენდეია, რიანა და სხვა ცნობილი ვარსკვლავები. ზენდეია ბრენდის ელჩად ცოტა ხნის წინ დასახელდა, ხოლო რიანა პირველი სელებრითია, რომელმაც ფარელის Louis Vuitton მოირგო, რამდენიმე კვირის წინ გავრცელებულ კამპანიაში. სხვა სელებრითებს შორის, რომლებიც ჩვენებას დაესწრნენ, არიან კიმ კარდაშიანი, J Balvin, ლენი კრავიცი, ჯარედ ლეტო და ა.შ.

ჩვენების შემდეგ, სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომერი ჯეი ზიმ შეასრულა, მას მოგვიანებით ფარელი თავადაც შეუერთდა.

ჩვენება პარიზის უძველეს ხიდზე, დედაქალაქის გულში გაიმართა, რომელიც ლუი ვიტონის სათავო ოფისის მიმდებარედაა. რაც შეეხება კოლექციას, ფარელის მთავარ მოტივად პიქსელები და ლუი ვიტონის ცნობილი “Damier” პრინტი გახდა. აღნიშნული შეგვხვდა ყველგან, ქურთუკებზე, შარვლებზე, ფეხსაცმელზე, დენიმზე, მაისურებსა და ა.შ. კოლექციაში ასევე ვიხილეთ მარკ ჯეიკობსის მიერ შექმნილი Speedy ჩანთის განახლებული ვერსიები.

“თავს მეფედ არ ვგრძნობ,” აღნიშნა ფარელმა WWD-სთან საუბარში, “მე მოსწავლე ვარ და ამ ფაქტს აღნიშნულ პოზიციაზე დანიშნვა არ ცვლის. მე ყოველდღე ვსწავლობ და ამაში ჩემი გუნდი მეხმარება, ხოლო თქვენ, ჩვენებიდან ჩვენებამდე ჩემი სწავლის პროგრესს იხილავთ. ჩემი გუნდი მეხმარება ყველაფერს მივანიჭო კონტექსტი, ავამაღლო, გავამდიდრო და ნათელი მოვფინო ჩემს იდეებს, ისინი ამას არარეალურად კარგად ასრულებენ. არასდროს შევწყვეტ საკუთარ თანამშრომლებზე საუბარს, იმიტომ, რომ ისინი საუკეთესოები არიან.”

იხილეთ კოლექცია:

იხილეთ ჩვენება სრულად: