დროსთან ერთად, იცვლება მომხმარებელთა გემოვნება, საჭიროებები და ფასეულობები, თუმცა ისეთ დინამიურ ინდუსტრიაშიც კი, როგორიც მოდაა, არსებობს რაღაც რასაც შეგვიძლია ვუწოდოთ მუდმივი. რაღაც რაც მოდის ცვალებადი ბუნების მიუხედავად, არასდროს კარგად მნიშვნელობას. ‘’ჯინსს აქვს ხასიათი, მოკრძალება, სექსუალურობა, სიმარტივე,’’– ეს სიტყვები ივ სენ ლორანმა 1983 წელს ნიუ იორკერთან ინტერვიუში თქვა და ისიც  დაამატა, რომ ცხოვრებაში მხოლოდ იმას ნანობდა, რომ ჯინსი მისი შექმნილი არ იყო. რადგან ეს მართლაც არის მოდის შეუცვლელი ტრენდი, რომლის გარეშეც ჩვენი ყოველდღიური გარდერობის წარმოდგენაც კი, ძალიან რთულია.

ამ სტატიაში გიყვებით ბრენდზე, რომლის ძირითადი კონცეფცია სწორედ ჯინსის ფენომენის და იდეოლოგიის გარშემო აშენდა.

„ჯინსს არ აქვს ასაკი, სქესი და სოციალური სტატუსი, რაც თავისთავად გულისხმობს თავისუფლებას, დემოკრატიას,“ – აღნიშნავს ნინო მახარობლიძე, ბრენდ ‘’DE.NIM’’-ის დამფუძნებელი და შემოქმედებითი დირექტორი ჩვენთან საუბრისას.

‘’DE.NIM’’– 2016 წელს დაარსდა. ბრენდმა მოკლე დროში მოახერხა, როგორც ადგილობრივ, აგრეთვე საერთაშორისო ინდუსტრიაში პოზიციონირება. რაც გამოცდილი და პროფესიონალი გუნდის თავდაუზოგავი შრომით შეგვიძლია ავხსნათ. კრეატიული დირექტორი, ნინო მახარობლიძე, პროფესიით დიზაინერი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია.  

„სტუდენტობის პერიოდში,  ქართულ მოდის კვირეულზე გავაკეთე პირველი ჩვენება, გავიარე დიდი შესარჩევი კონკურსი. საბოლოოდ, ფრანგმა ჟიურიმ, მთელი საქართველოს მასშტაბით, 15 ქართველი დიზაინერი აგვარჩია. კოლექციას კარგი გამოხმაურება მოჰყვა, გაყიდვებიც კარგი იყო.“– იხსენებს ნინო.

გზა პირველი წარმატებიდან ‘’DE.NIM’’-ამდე, გამოწვევებით სავსე, თუმცა საინტერესო აღმოჩნდა. როგორც ნინო გვიმხელს, ბრენდის შექმნის ერთ-ერთი შთაგონება Fashionholics Online-ზე გამოქვეყნებული ჯორჯო არმანის სიტყვებიც გახდა.  „ვადევნებდი თვალს სხვადასხვა ონლაინ გამოცემებს და ერთ-ერთი სტატიის კითხვისას ამოვიკითხე არმანის ფრაზა: „ჯინსი მოდაში დემოკრატიას წარმოადგენს“, ეს იყო თქვენი ერთ-ერთი პოსტი, რომელიც დადებული გაქვთ ზუსტად 2016 წელს.“

ბრენდის ძირითადი კონცეფცია უკვე კლასიკად ქცეული ჯინსის მოდელების დეკონსტრუირება და მოდერნიზებაა. რათა უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო იყოს მომხმარებლისთვის. მრავალფეროვნება – ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც აღნიშვნას იმსახურებს. ‘’DE.NIM’’-ის მოდელები თავისუფალია ასაკობრივი თუ სხვაგვარი შეზღუდვისგან და შესაბამისად, ის იდეალურად ერგება თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილს.

რაც შეეხება სახელწოდებას, „დენიმი“ ჯინსის ქსოვილის ყველაზე გავრცელებული შესატყვისია.  დღეისათვის, კვლავ კამათობენ ‘’დენიმი’’  ინგლისური შესატყვისია ფრანგული სიტყვისა, თუ პირიქით. თუმცა ერთი რამ ფაქტია, მეოცე საუკუნიდან, ჯინსი უკვე ნიშნავდა ბამბის ან „დენიმისგან“ შექმნილი შარვლების ფართო არჩევანს.

„ჯინსს და სპორტულ ყოველდღიურ სამოსს დიდი ადგილი უკავია ჩემს გარდერობში. უპირატესობას ვანიჭებ დიდი ზომის სტილს, შემიძლია მოვირგო სპორტული სამოსი, მოვიცვა თავისუფალი სტილის ჯინსის ქურთუკი და წავიდე ნებისმიერ ადგილზე,“ – აღნიშნავს კრეატიული დირექტორი, ნინო მახარობლიძე პირად სტილზე საუბრისას.

უნდა ითქვას ისიც, რომ ბრენდი ‘’DE.NIM’’ არ გვთავაზობს მხოლოდ ჯინსების კოლექციებს. ის აგრეთვე აწარმოებს მაღალი ხარისხის სპორტული და ყოველდღიური სტილის ტანისამოსსა და ფეხსაცმელს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ‘’DE.NIM’’ – ეს არის ერთგვარი იდეოლოგია თანამედროვე სამოსზე, რომელიც  ართიანებს ხარისხს, ჰარმონიას, კომფორტს და შეუცვლელ ტრენდებს.

2018-2019 წლებში, ბრენდი წარმოდგენილი იყო თბილისის „მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის“ შოურუმში, საიდაც ჟურნალ Vogue-ის ობიექტივშიც აღმოჩნდა.  დღეისათვის, DE.NIM -ის ტანისამოსის რეალიზაცია ხდება, როგორც საქართველოში, აგრეთვე აშშ-ში, საფრანგეთში, იტალიაში, დიდი ბრიტანეთში და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოთხსენებული ნაწარმი არის ხელნაკეთი.

შთამბეჭდავი პირველი წლების შემდეგ, გვიჩნდება კითხვა სამომავლო გეგმებზეც, რაზეც საინტერესო პასუხს ვიღებთ – „ვგეგმავთ ქსელური მაღაზიების გახსნას როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. ვაპირებთ დავიწყოთ მუშაობა უცხოურ მოდის კვირეულებში მონაწილეობის მიღების საკითხზე,“ – ნინო მახარობლიძე.

DE.NIM-ის  კოლექციების დათვალიერება შეგიძლიათ ბრენდის სოციალური მედიის არხებსა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე :

ინსტაგრამი – DE.NIM

Facebook – DE.NIM

ვებსაიტი – Denim.ge