2021 წლის დასაწყისში, მოდის და კულტურის ბრიტანულმა გამოცემამ, Dazed – მა, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს კონცეპტუალური, ინდივიდუალური ხელოვნების მიმდევრებში, მთავარ რედაქტორად იბრაჰიმ ქეიმარა წარადგინა. იბრაჰიმმა საკმაოდ მოკლე დროში მოიპოვა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კრეატიული სტილისტის რეპუტაცია, რაც დაეხმარა ამ საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავებაში.
როგორც გამოცემის ვებ-გვერდი, ჯერ კიდევ იანვარში, იუწყებოდა, ახალგაზრდა რედაქტორის ხელმძღვანელობით, Dazed -ის პირველ ნომერი მაისში გავრცელდა.
გარეკანზე გამოსახულია მოდელი Ibrahima Tall, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესში. ფოტოს ავტორია პაოლო როვერსი, ტანისამოსი ეკუთვნის Gucci -ს.
მოდა ყოველთვის იყო რეალობის ანარეკლი, რაც კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა გასულ წელს, როდესაც ვოგის გლამურულ ფურცლებზე, სუპერმოდელების გვერდით, კოვიდ-პანდემიასთან მებრძოლი ექიმები გამოჩნდნენ, რომლებიც Chanel – ის და Dior -ის ძვირადღირებული კოსმეტიკის ნაცვლად, პირბადეს ატარებენ. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქამდე,მოდაზე ორიენტირებულ არცერთ საერთაშორისოდ ცნობილ გამოცემას, ფოტოსესია და გარეკანი ვაქცინაციისთვის არ მიუძღვნია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოდის ჟურნალის ყდაზე ვხედავთ მოდელს, რომელიც იცრება,თუმცა, როგორც Dazed -ის ახალი მთავარი რედაქტორი აცხადებს, გარეკანი მხოლოდ ვაქცინაციისგან მიღებული სიკეთის პროპაგანდას არ ემსახურება.
“ჩემი სურვილი იყო, რომ ეს ყოფილიყო Dazed-ის გლობალური ნომერი, რომელიც არ იქნებოდა ლონდონზე, ან რომელიმე სხვა ადგილზე კონცენტრირებული. ახალგაზრდული კულტურა ყველგანაა, ის მთელი მსოფლიოს გარშემო ვლინდება, თავისი ყველა ელემენტით – მოდა, მუსიკა, სტილი ერთმანეთთან დიალოგში არიან. ეს ნომერი არის დასაწყისი იმ მოგზაურობის, რომელიც უნდა გაგრძელდეს,” – ვკითხულობთ იბრაჰიმის ინტერვიუში.
თითქმის ყოველთვის, როდესაც გამოცემა ახალი მთავარი რედაქტორის ხელმძღვანელობით პირველ ნომერს აქვეყნებს, საზოგადოების გამოხმაურება არაერთგვაროვანია. Dazed -ის სოციალურ ქსელებში გამომწერების კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი.