ლონდონის მოდის კვირეულის 2022 წლის ზაფხულის სეზონის გახსნით დღეს, დავით კომახიძემ ახალი კოლექცია წარადგინა. ეს გახლავთ პანდემიის დაწყების შემდეგ, ქართველი დიზაინერის პირველი ფიზიკური შოუ. ჩვენებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იძულებითმა პაუზამ კომახიძესაც უბიძგა გამხდარიყო უფრო რისკიანი და პომპეზური. ამის თქმის საფუძველს, პირველ რიგში, შერჩეული ლოკაცია გვაძლევს.

ჩვენება ლონდონის საწყალოსნო ცენტრში გაიმართა, რომელიც სპეციალურად ოლიმპიური თამაშებისთვის აშენდა. კომახიძის მოდელები, უახლესი კოლექციის კაბებით, პირდაპირ წყალზე დააბიჯებდნენ. “ჩვენების აქ გამართვის იდეა პირველად 2012 წელს გამიჩნდა, როდესაც ლონდონის ოლიმპიური თამაშები იმართებოდა. გარდა ამისა, ზაჰა ჰადიდის (ლონდონის საწყალოსნო ცენტის ერთ-ერთი არქიტექტორი) უდიდესი ფანი ვარ, ამ ჩვენებაში ყველაფერი ერთად გაერთიანდა,” აღნიშნავს დიზაინერი.

მართლაც, ახალ კოლექციაში, კომახიძის ხელწერად ქცეული გეომეტრიული ჭრები და სხეულზე გამოყვანილი სილუეტები გაერთიანებულია სპორტულ და საცურაო გლამურთან, რაც David Koma -ს ბრენდს ჩვეულზე უფრო თამამს და სექსუალურს ხდის. 70-იანი წლების დისკო კულტურით შთაგონებული Resort კოლექციის შემდეგ, სადღესასწაულო განწყობა შეიმჩნევა ახალ ჩვენებაშიც.

მიუხედავად ჩვეულზე მეტი ფერადოვნებისა, ქართველმა დიზაინერმა თავის ტრადიციულ ხედვას არც ამჯერად უღალატა და შოუ კლასიკური შავი კაბებით დახურა.

კოლექციის სრულად სანახავად მიჰყევით ბმულს.