ბრენდ David Koma – ს ისტორია 2009 წლიდან იწყება, მაშინ, როდესაც ქართველმა დიზაინერმა დავით კომახიძემ ლონდონში მდებარე სახელგანთქმული სასწავლებელი – Central Saint Martins დაასრულა და ბრიტანული მოდის კონკურენტულ ინდუსტრიას შეუერთდა. დავითმა თავისი სადებიუტო კოლექციები ლონდონის მოდის კვირეულზე წარადგინა. ყველაზე ექსპერიმენტული და მრავალფეროვანი ჩვენებებით დატვირთულ ლონდონის მოდის კვირეულს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ახალგაზრდა ნიჭიერი დიზაინერების დედაქალაქს. მილანისგან და პარიზისგან განსხვავებით, სადაც მოდის კვირეულების მთავარ სახეებად საუკუნოვანი ისტორიის მქონე ბრენდები გვევლინებიან, ლონდონში ჯერ კვლავ არის ადგილი ახალი გამორჩეული ტალანტებისთვის, რომლებიც ცდილობენ იყვნენ ავთენტურები, იპოვონ საკუთარი ხედვა და ესთეტიკა.


ჩამოყალიბებული ხედვის ქონა ძალზედ მნიშვნელოვანია. ხშირად, ის იმაზე დიდ როლს თამაშობს დიზაინერის წარმატებაში, ვიდრე კერვისა თუ ხატვის უნარები. იპოვო საკუთარი ესთეტიკა და ჩამოიყალიბო გარკვეული ხელწერა, რომელიც მომხმარებლის გონებაში მომენტალურად იბეჭდება, გამოწვევაა, რომელსაც გვერდს ვერცერთი დიზაინერი ვერ აუვლის. დავით კომახიძე ადრეული ასაკიდან დაინტერესებული იყო მოდით, რვა წლის უკვე ხელოვნების აკადემიაში სწავლას გეგმავდა, 13 წლის კი, აქტიურად ეცნობოდა ლეგენდარული დიზაინერების შემოქმედებასა და ისტორიას.

თანდაყოლილი ნიჭისა და მოდის უკიდეგანო პერფექციონისტების, აზადინ ალაიას და ტიერი მუგლერის გავლენით, კომახიძემ საკუთარი ხედვა ძალიან ახალგაზრდამ სრულყო. მის პირველ კოლექციებს ეტყობოდა სრულყოფილების და ჩამოყალიბების ისეთი დონე, რომელსაც დღემდე, არცერთ სხვა ქართველ დიზაინერთან არ ვხვდებით. სწორედ ამან განაპირობა მისი საერთაშორისო აღიარება. დავითი მხოლოდ 25 წლის იყო, როდესაც მის კოლექციებს მსოფლიო მუსიკის, კინოს და სპორტის ვარსკვლავები ატარებდნენ.

ქართველი დიზაინერის კოლექციები არ ხასიათდება ისეთი ექსპერიმენტულობით, როგორსაც ლონდონის მოდის კვირეულზე ხშირად ვხვდებით, თუმცა მას აქვს ტემპერამენტი და ძალიან კარგად დაბალანსებული სექსუალურობა. კომახიძემ შეძლო და David Koma-ს ბრენდის ქვეშ საერთაშორისოდ დასამახსოვრებელი ქალის იმიჯი შექმნა.

David Koma აერთიანებს დახვეწილობას და სექსუალურობას, რაც ადვილად მისაღწევი კომბინაცია ნამდვილად არ არის. მის პოდიუმზე ნაჩვენები სამოსი სიზუსტით გამოირჩევა და ქალებს წარმოაჩენს როგორც მშვენიერ ქმნილებებს. ამასთან ერთად, უნდა ითქვას ისიც, რომ კომახიძის კოლექციებს არ აქვს სეზონი, წელი და ტრენდი. ის ნებისმიერ დროსა და გარემოებაში, მარადიულად მიმზიდველი სტილის გამოხატულებას გვთავაზობს.