ანდრე კურეჟის რადიკალურმა, ფუტურისტულმა და დამატყვევებელმა ხედვამ მოდის ინდუსტრიას წარუშლელი კვალი დაატყო. ის პირველი დიზაინერი იყო, რომელმაც პლასტმასი გამოიყენა და შანელის რევოლუციის შემდეგ, შავი ფერის ნაცვლად, წინ თეთრი წამოსწია. როგორც ივ სენ ლორანი ამბობდა, კურეჟის აფეთქებამ მოდაში ბევრი რამ შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული დიზაინერის 1964 წლის საკულტო კოლექციიდან თითქმის 6 დეკადის შემდეგ, ბრენდი Courrèges არ არის ისეთი ცნობილი და პოპულარული, როგორიც მაგალითად, შანელი, დიორი, ანდრეს ხელწერას თითქმის ყველა თანამედროვე დიზაინერის კოლექციაში ვხვდებით. მისი განსხვავებული ჭრები და სილუეტები, ნაქსოვი სვიტერები, სათვალეები და ასტრონავტის ჩაფხუტები აღარ არის მხოლოდ ბრენდ კურეჟის საკუთრება, ეს მოდის მემკვიდრეობის ნაწილად იქცა, რომელიც დიზაინერების ახალ თაობებს საგანძურად გადაეცემათ.

გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ათწლეულების განმავლობაში, ანდრე კურეჟის შემოქმედება არ მივიწყებულა, ის სხვა ბრენდებში განაგრძობდა არსებობას. ინდუსტრიაც მოერგო არსებულ ვითარებას და Courrèges იმ მოდის სახლების ჩამონათვალს მიაკუთვნა, რომლებმაც ისტორიის კონკრეტულ პერიოდში განმსაზღვრელი როლი ითამაშეს, თუმცა შემოქმედის გარდაცვალებასთან ერთად, განვითარება შეწყვიტეს.

André Courrèges 1970 / TOM FORD 2015

André Courrèges 1966 / MOSCHINO 2013

ფრანგი დიზაინერის მოდიდან წასვლის შემდეგ, ბრენდში რამდენჯერმე შეიცვალა დიზაინერი, თუმცა ყველა ცვლილება იმდენად უმნიშვნელო აღმოჩნდა, რომ კურეჟი ახალგაზრდა კრეატიული დირექტორების სახელების დასახელება, შესაძლოა, მოდის პროფესიონალ ჟურნალისტებსაც გაუჭირდეთ. თუმცა რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ პარიზის მოდის კვირეულის ახალ სეზონზე, ყველას დაამახსოვრდა ნიკოლა დი ფელისი, ახალგაზრდა დიზაინერი, რომელმაც კურეჟი თავისი პირველი შოუ 3 მარტს გამართა.

Courrèges შემოდგომა/ზამთარი 2021 ნიკოლა დი ფელისის სადებიუტო კოლექცია

ნიკოლა დი ფელისი ბელგიელი დიზაინერია, რომელმაც ბრიუსელში La Cambre – ს სასწავლებელი დაამთავრა. ის ნიკოლა ჟესქიერის დაქვემდებარების ქვეშ ლუი ვიტონსა და ბალენსიაგაში მუშაბდა. სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს დიორშიც, რაფ სიმონსის კრეატიული დირექტორობის დროს. ბელგიელი Courrèges – ის შემოქმედებით დირექტორად 2020 წლის სექტემბერში დასახელდა. მას 5 თვე ჰქონდა ბრენდში თავისი პირველი კოლექციის შესაქმნელად, რაც თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ტემპის გათვალისწინებით, დიდი დროა, მაგრამ თუ გავიხსენებთ პანდემიურ რეალობას, რომელშიც უკვე ერთი წელია გვიწევს ცხოვრება, უნდა ვთქვათ, რომ ახლა სადებიუტო კოლექციის წარსადგენად საუკეთესო დრო არ არის. მკაცრი ლოქდაუნების, შეზღუდვების და კორონავირუსის მზარდი შემთხვევების პირობებში, დიზაინერებს კოლექციების შექმნა ონლაინ უწევთ, რაც საკმაოდ სტრესული და დამთრგუნველი პროცესია.

Nicolas Di Felice

მიუხედავად სირთულეებისა, 39 ლუქისგან შემდგარი კოლექცია, რომელიც 3 მარტს, ბელგიელმა დიზაინერმა წარადგინა, პარიზის მოდის კვირეულის ერთ-ერთ ყველაზე გონივრულ ნამუშევრად შეფასდა. როგორც უკვე ითქვა, კურეჟი დიდი რაოდენობით იყენებდა თეთრს. თეთრი მისი ფერი იყო. პირველივე წამებიდან, ბელგიელმა დიზაინერმა, თეთრი სეტით და პოდიუმით, ნოსტალგიური განწყობა შექმნა. კურეჟის მემკვიდრეობა კიდევ უფრო ხილვადი გახდა, როდესაც მოდელები მაღალყელიანი ფეხსაცმელებით გამოჩნდნენ. კონსერვატიული 1950-იანების შემდეგ, 1960-იან წლებში, სექსუალურობას მონატრებულმა ქალებმა მინი-კაბები ჩაიცვეს და მასთან მაღალყელიანი ფეხსაცმელი დააწყვილეს, რათა კომპლექტი უფრო სექსუალური გაეხადათ. ამ ტრენდის ერთ-ერთი პიონერი ანდრე კურეჟი იყო, მას განსაკუთრებით მოსწონდა დაბალძირიანი თეთრი ჩექმები.

გარდა ბრენდის არქივებისა, ახალგაზრდა დიზაინერმა კოლექციაში თავისი ესთეტიკის და ისტორიის საინტერესო ერთიანობაც შემოგვთავაზა. „ეს არის Courrèges, თუმცა უფრო ბელგიური“, აღნიშნა ნიკოლასმა პრესასთან საუბრისას. აქვე უნდა ითქვას, რომ ის უკვე მესამე დიზაინერია „ნიკოლა ჟესქიერის სკოლიდან“, რომელიც ისტორიული ფრანგული ბრენდის სათავეში მოხვდა. კოლექცია, რა თქმა უნდა, ჟესქიერის ბალენსიაგას ერასაც გვაგონებს, რომელიც საკმაოდ ხშირად იყო შთაგონებული ანდრე კურეჟის შემოქმედებით. სწორედ ამიტომ შერწყმა, რომელიც ბელგიელმა დიზაინერმა პარიზის მოდის კვირეულზე შემოგვთავაზა, საკმაოდ ორგანული და ბუნებრივი აღმოჩნდა.

უდავოა, რომ ნიკოლა დი ფელისის დებიუტი საინტერესო და იმედისმომცემი მოვლენაა Courrèges-ის თანამედროვე ისტორიაში, თუმცა როდესაც საქმე ეხება ბრენდს, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც მოდის დიალოგს გამოეთიშა, პროგნოზის გაკეთება მაინც საკმაოდ რთულია.

კოლექციის სრულად სანახავად მიჰყევით ლინკს – Vogue.com/Courrèges