4 ოქტომბერს, როდესაც დემნა გვასალიამ Balenciaga – ს ახალი კოლექცია Corey Hart –ის ცნობილ ჰიტზე, ‘Sunglasses At Night’-ზე წარადგინა, მოდის ინდუსტრია ხელახლა გადაეშვა 80-იანი წლების ნოსტალგიაში. გუშინ ამერიკულმა ვოგმა კანადელი მუსიკოსის, Corey Hart – ის ახალი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ჰარტი, სხვა საინტერესო თემებთან ერთად, ბალენსიაგას ახალ ვიდეოზეც საუბრობს.
Balenciaga -ს მუსიკალურ ვიდეოში, რომელიც 12 მილიონი ნახვით, ტვიტერზე, მოდის კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ციფრული პრეზენტაცია გახდა, Corey Hart-ის ჰიტს დემნა გვასალიას მეუღლე, ლოიკ გომეზი ასრულებს.
ლოიკის შესრულებამ და ბალენსიაგას განსხვავებულმა შემოთავაზებამ, მოდის კრიტიკოსები და მოყვარულები კმაყოფილი დატოვა, თუმცა საინტერესოა რას ფიქრობს სიმღერის ავტორი.
Vogue-ს კითხვაზე, იცის, თუ არა, რატომ შეარჩია ლოიკმა მისი სიმღერა, კანადელი მომღერალი პასუხობს:
„ზუსტად დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ სიამოვნებით გავიგებდი. მე ვფიქრობ მან სიმღერა ბრწყინვალედ მოირგო. Pet Shop Boys – ს ენერგიაც იგრძნობოდა – 80-იანი წლების კიდევ ერთი კლასიკის“.
როგორი შთაბეჭდილება შეექმნა, როდესაც დემნას შემოქმედება პირველად გაიცნო:
„4 შვილი მყავს,ჩემი უფროსი ქალიშვილი, ინდია ფეხსაცმლის ნიჭიერი დიზაინერია Sam Edelman- ში, ნიუ-იორკში. დემნას საქმიანობა პირველად მან გამაცნო. ეს ვეტმანი უნდა ყოფილიყო. დემნას ფანი ვარ, რადგან უშიშარი, ნოვატორი ხედვის მქონეა“.
იცოდა,თუ არა, რომ Balenciaga მისი სიმღერის გამოყენებას აპირებდა:
„ყოველთვის ცნობილი ვიყავი ჩემი სიმღერების დაცვით, მაგრამ როდესაც გავიგე, რომ თხოვნა გვასალიასგან და ბალენსიაგასგან იყო, ყოყმანის გარეშე დავთანხმდი – გულწრფელად ბედნიერი და კმაყოფილი ვარ“.
ჰქონდა,თუ არა დემნასთან პირადი კომუნიკაცია:
„ვიდეოს ნახვის შემდეგ, ბალენსიაგას კომუნიკაციების დირექტორს და დემნას მივწერე, საპასუხოდ ორივესგან ძალიან ყურადღებიანი მესიჯები მივიღე“.
როგორ შეაფასებდა ბალენსიაგას მუსიკალურ ვიდეოს:
„ძალიან მომეწონა!მაგარი იყო”.
მომავალში კოლაბორაცია ხომ არ იგეგმება:
„ბევრ ცნობილ შემოთავაზებას ვიღებდი სატელევიზიო, მედია კამპანიებისგან, რომლებზე დათანხმებაც ვგრძნობდი, რომ მაშინ არასწორი იქნებოდა,მაგრამ ახლა ძალიან დაინტერესებული ამ იდეით – განსაკუთრებით, თუ ეს ისეთ ნიჭიერ ვინმესთან განხორციელდება, როგორიც დემნა და ბალენსიაგას გუნდია“.