გასული ორი წელია, პანდემიის გამო, ხალხმრავალი ღონისძიებები ან გაუქმდა, ან ნაკლები მასშტაბებით ტარდება. თუმცა, საბოლოოდ, მსოფლიო ცდილობს კორონავირუსთან ერთად უსაფრთხოდ თანაცხოვრება ისწავლოს. შესაბამისად, ისეთი მასშტაბური ღონისძიებები, როგორებიცაა ფესტივალები, დამსწრე აუდიტორიისათვის კარს კვლავ ხსნიან.
15 აპრილს თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში ყველაზე გავლენიანი ფესტივალი – Coachella დაბრუნდა. 2022 წლის Coachella-ს მუსიკალური განრიგი ვრცელია. თუმცა როგორც ჰედლაინერი, განრიგში განსაკუთრებულ ადგილს ჰარი სტაილსი იკავებს.
გასულ ათწლეულში, სტაილსი მოდის გავლენიან ვარსკვლავად იქცა. მრავალფეროვანი, საინტერესო და ინდივიდუალური სტილით, ჰარიმ მოდის ინდუსტრიაში საკუთარი მომენტი ნამდვილად შექმნა. ბრიტანელმა მუსიკოსმა დაამტკიცა, რომ მას შეუძლია მოირგოს ყველაფერი, არ მოექცეს სტანდარტებში, გაარღვიოს საზღვრები და მიუხედავად ამისა, მაინც შეძლოს როგორც პრესის, აგრეთვე საზოგადოების გული მოგება.
ჰარის ჩარჩოებისგან თავისუფალი სტილი იდეალურად წარმოჩინდა Coachella-ს სცენაზეც. მომღერალმა Gucci-ის კოსტიუმი მოირგო, რომელიც ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა – შავი ბეწვის მოსასხამი და ფერადი ბზინებით გაფორმებული კომბინიზონი.
აღსანიშნავია, რომ ჰარის სტილის ევოლუციაში იტალიურმა ბრენდმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ბოლო 5 წელიწადში, გუჩის შემოქმედებითი დირექტორის, ალესანდრო მიკელეს და ბრიტანელი მუსიკოსის კოლაბორაციამ იმდენად ბუნებრივი და საინტერესო ხასიათი შეიძინა, რომ თანამედროვე მოდის ყველაზე პოპულარულ მოვლენადაც იქცა. სტაილსის Coachella-ს კომბინიზონი გუჩის 2021 წლის შემოდგომის კოლექციიდანაა.