ნატაშა რემსი-ლევის მიერ Chloé-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციის დატოვებიდან 4 დღეში, ფრანგული მოდის სახლი ახალ კრეატიულ დირექტორს ასახელებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ქლოეს ურუგვაელი დიზაინერი, გაბრიელა ჰერსტი ჩაიბარებს. სიახლეს ადასტურებენ: WWD, BOF, Vogue.

გაბრიელა ურუგვაიში დაბადებული, ამერიკაში მცხოვრები დიზაინერია, რომელმაც საკუთარი სახელობის ბრენდი, Gabriela Hearst 2015 წელს შექმნა. მინიმალისტური, კლასიკური, ყველა სეზონისთვის და გარემოებისათვის შექმნილი სამოსით, გაბრიელა ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი ვარსკვლავი გახდა. კომერციული წარმატება კი, აქსესუარების, მეტწილად ჩანთების ხაზმა მოუტანა. ჰერსტი, გასულ 5 წელში, ქლოეს მესამე დიზაინერი იქნება, კლერ უაით-კელერის და ნატაშა რემსი-ლევის შემდეგ.
ფრანგული მოდის სახლი Chloé გაბი აგიონმა 1952 წელს დააარსა. 60-იანი წლების შემდეგ, ქლოე ერთგვარ საინკუბაციო ფაზად ჩამოყალიბდა ახალგაზრდა დიზაინერებისთვის, თითქოს სიმბოლურადაც კი. ყველას გვსმენია კარლ ლაგერფელდის უპრეცედენტო კარიერის შესახებ, რომელიც არავინ იცის როგორ განვითარდებოდა, რომ არა ქლოე. ასეა სტელა მაკარტნის, ფიბი ფაილოს შემთხვევებშიც. გაბრიელას წინამორბედი, ნატაშა რემსი-ლევიც, საზოგადოებისთვის უცნობი სახე იყო, როდესაც Chloé-ში დაინიშნა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალგაზრდა, საკმაოდ წარმატებული, თუმცა ჯერ მაინც ნიშური დიზაინერის არჩევა, ქლოესთვის განსაკუთრებით ბუნებრივია.
გაბრიელა ქლოეში თავის პირველ კოლექციას 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში წარადგენს.