გასული წელი გერმანული კომპანიისთვის საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა. ამერიკელ რეპერთან, ქანიე ვესტთან თანამშრომლობის დასრულებამ, რუსეთის ბაზრის დატოვებამ, ჩინეთში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა და ბალენსიაგასთან კოლაბორაციულ კოლექციაზე გადაღებული სარეკლამო კამპანიის სკანდალმა, Adidas -ის ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

ტურბულენტური 2022 წლის შემდეგ, სპორტული გიგანტი პრობლემების გადაჭრის გზებს აქტიურად ეძებს. Financial Times-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი პირველი, რასაც Adidas გეგმავს, ჩინეთის კრიზისის დასტაბილურება და ჩინელი მომხმარებლის მიზიდვაა.

გერმანული კომპანიის ახალი სტრატეგია სწორედ ზემოხსენებული მიმართულებით იმუშავებს. ის მოიცავს ექსკლუზიურად ჩინეთისთვის „პატრიოტული ხაზების“ შექმნას. სპორტულ კომპანიაში სურვილი აქვთ, რომ ჩინეთში წარმოდგენილი კოლექციის 30% მაინც იყოს ადგილობრივ ჩინურ ბაზარზე მორგებული. საუბარია ჩინური ენის, კულტურის, ისტორიის გათვალისწინებით შექმნილ ნივთებზე, რომლებმაც ჩინელებში პატრიოტული სულისკვეთების ხარჯზე, ბრენდის მიმართ მოთხოვნა უნდა გაზარდოს.

Adidas აგრეთვე გეგმავს გააფართოვოს თანამშრომლობა ჩინელ ათლეტებთან, რათა ჩინელ მომხმარებლებში გაზარდოს ახალი ტრენდების და კოლექციების შესახებ ცნობადობა.