მიმდინარე კვირას, ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 27 წლის სუპერმოდელი, ბელა ჰადიდი ლეგენდარული ვიზაჟისტის, შარლოტ ტილბურის ბრენდის სახე აღარ არის. ET -ის ინფორმაციით, კონტრაქტი ბელა ჰადიდსა და ბრენდ Charlotte Tilbury-ს შორის გასული წლის ნოემბერში შეწყდა. “ის თანამედროვეობის სილამაზის ხატია, უაღრესად მომხიბვლელი,” 2023 წლის მარტში, სწორედ ამ სიტყვებით წარადგინა შარლოტ ტილბურიმ ბელა ბრენდის ახალ სახედ.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მოდელსა და კოსმეტიკურ გიგანტს შორის კონტრაქტმა ერთი წელიც არ გასტანა, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ შარლოტ თილბურის გადაწყვეტილებას საფუძვლად ბელას პოლიტიკური განცხადებები უდევს. გასული თვეების განმავლობაში, პალესტინური ფესვების ამერიკელი მოდელი ღიად გამოხატავს საკუთარ პოზიციას ღაზაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით.

(c) Charlotte Tilbury

გავრცელებული ხმები შარლოტ ტილბურიმ უარყო და აღნიშნა, რომ ბრენდს ჰადიდთან კვლავაც კარგი ურთიერთობა აკავშირებს. შარლოტმა წარმატება უსურვა ბელას ახალ წამოწყებას. აქვე გეტყვით, რომ ახლახან, ბელა ჰადიდმა თავისი ბრენდი, სახელწოდებით Orebella წარადგინა. ბრენდის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები უკვე გამოთქვამენ ვარაუდს, თუ რა შეიძლება იყოს Orebella. არის ვარაუდი, რომ Orebella კოსმეტიკის მწარმოებელი ბრენდია. კიდევ ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, Orebella სუნამოს ხაზია, თუმცა მოდელს განმარტება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. ბელა ბრენდს ოფიციალურად 2 მაისს წარადგენს.