6 დეკემბერს შანელის ‘Métiers d’Art’ კოლექციის შოუ სენეგალის დედაქალაქ დაკარში გაიმართა. ამ ნაბიჯით შანელი გახდა პირველი ევროპული მოდის სახლი, რომელმაც ჩვენება დასავლეთ აფრიკაში გამართა. ბრენდის არჩევანზე დიდი გავლენა იქონია დაკარის კულტურულმა მემკვიდრეობამ და ენერგიამ, ვკითხულობთ შანელის ოფიციალურ განცხადებაში. ახალი კოლექციის პრეზენტაციის ფარგლებში, მოეწყო სპეციალური ფოტოსესიაც, რომელიც სენეგალელმა ფოტოგრაფმა, მალიკ ბოდიანმა გადაიღო.



ერთი შეხედვითაც ადვილი შესამჩნევია, რომ კოლექცია მეტი ფერადოვნებით გამოირჩევა და ერთგვარი სინთეზია, როგორც შანელის მოდის სახლის კოდების, აგრეთვე სენეგალისთვის დამახასიათებელი გემოვნური თვისებების. კრეატიულმა დირექტორმა, ვირჯინია ვიარდმა ეცადა დაებალანსებინა ბრენდის საკულტო ქსოვილები და დიზაინი აფრიკულ კულტურასთან და ატმოსფეროსთან. შედეგად კი, საკმაოდ თავისუფალი, ყოველდღიური და პრაქტიკული შანელის ხაზი შექმნა.


ჩვენებას 800 სტუმარი ესწრებოდა,მათ შორის: ვარსკვლავები, საერთაშორისო პრესისა და მაღაზიების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა სენეგალის ოფიციალური პირებიც – ქვეყნის პირველი ლედი და ა.შ.
შანელის Métiers d’art შოუ პირველად 2002 წელს კარლ ლაგერფელდის ინიციატივით გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიური ხასიათი მიიღო. მისი მთავარი მიზანი მოდის სახლის იმ პარტნიორების დიდებულების წარმოჩენაა, რომელთა ოსტატობითაც შანელის კოლექციების სრულყოფა ხდება.