ფრანგული მოდის სახლის განახლებული სტრატეგია, რომელიც მოიცავს ფასების მატებასა და ექსკლუზიური სტატუსის გამყარებას, ამართლებს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ბრენდის ახალი ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც, 2022 წელს, შანელის გაყიდვებმა შთამბეჭდავი 17.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 17%-ით მატებაა 2021 წლის მონაცემებთან შედარებით. გაყიდვების ზრდა განაპირობა ბრენდის თითქმის ყველა ხაზისა და პროდუქტის კატეგორიის მიმართ მოთხოვნის გაორმაგებამ, თუმცა განსაკუთრებულ აღნიშვნას, რა თქმა უნდა, იმსახურებს ტყავის ნაწარმი.
2022 წლის დასაწყისში, მოდის ინდუსტრია Chanel-ის ფასების აგრესიულ ზრდაზე ალაპარაკდა. პოსტ-პანდემიურ რეალობაში, შანელმა აქსესუარებზე, კერძოდ ჩანთებზე, ფასები ხუთჯერ გაზარდა. იმავე წლის მონაცემებით, საფრანგეთში, შანელის საშუალო ზომის Flap bag-ის ფასი 7,800 ევროს (8,800 დოლარს) შეადგენდა. ეს კი, მხოლოდ 100 ევროთი ჩამორჩებოდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჩანთის, Birkin-ის სტანდარტული, ყველაზე გავრცელებული მოდელის ღირებულებას. როგორც ირკვევა, 2022 წელს, შანელის გაყიდვების 17%-იანი მატების ნახევარი, 50% სწორედ ფასების ზრდამ განაპირობა.
მოდაში უკვე დიდი ხანია არ წყდება საუბარი იმის შესახებ, რომ შანელში აღარ აკმაყოფილებთ Louis Vuitton-თან თუ Gucci-სთან კონკურენცია და სურთ Hermès-ის სამყაროში შეაბიჯონ. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრანგული ბრენდის ამბიციები უფრო რეალური და დამაჯერებელი ხდება.