რუსი ბლოგერების და ვარსკვლავების ნაწილი Chanel-ის ახალ პოლიტიკაზე ალაპარაკდა. მას შემდეგ, რაც ფრანგულმა ბრენდმა რუსეთის ტერიტორიაზე ყველა მაღაზია დახურა და გაყიდვები შეაჩერა, შანელში შეზღუდვები ამოქმედდა რუსეთის ფარგლებს გარეთ, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში რუსული პასპორტების მქონე ტურისტებისთვისაც. “ემირატების მოლში მდებარე შანელის მაღაზიაში შევედი. ჩანთა არ მომყიდეს, იმიტომ რომ (ყურადღება!) რუსეთიდან ვარ,” – წერს ლისა ლიტვინი, ინტერიერის რუსი დიზაინერი.
ინფლუენსერი იანა რუდკოვსკაია, რომელიც ფრანგული ბრენდის ერთ-ერთი აქტიური მყიდველია და მხოლოდ გასულ წელიწადს, შანელის ნივთებში, მილიონ ევროზე მეტი დახარჯა, ბრენდის ახალ წესებს შეურაცხყმოფელს უწოდებს.
ახალი წესების თანახმად, რუსული პასპორტის მქონე პირმა, რომელსაც სურს იყიდოს შანელის ნივთი, ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს და დაადასტუროს, რომ არ ცხოვრობს რუსეთში და არ შეიტანს შანელის პროდუქციას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

ბრენდის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ზემოხსენებული შეზღუდვების მიზანი არ არის დისკრიმინაცია ან შეურაცხყოფა – ისინი უბრალოდ მიჰყვებიან ევროკავშირის მითითებებს.