დენიელ ლის შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა სულ რაღაც 4 წლის წინ გაიგო. მაშინ, ის უცნობი დიზაინერი იყო Celine-ის შემოქმედებითი გუნდიდან, რომელსაც Bottega Veneta-ს მართვის პატივი ხვდა წილად. შემდეგ კი, მოვლენები ძალიან სწრაფად და მოულოდნელად განვითარდა. ახალგაზრდა დიზაინერის ხელმძღვანელობით, ბოტეგა ვენეტა ხელახლა გახდა მაღალი მოდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი. შედეგმაც არ დააყოვნა, მოდის 2019 წლის დაჯილდოებაზე, დენიელმა 4 მთავარ კატეგორიაში გაიმარჯვა და გახდა პირველი დიზაინერი, რომელმაც ერთ საღამოს, ოთხი ჯილდო მიიღო. დენიელის და Bottega Veneta-ს ისტორიის დასასრულიც ისეთი მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორიც მისი 3 წლიანი ტრიუმფი, თუმცა იტალიურ ბრენდში ლის წარმატების მასშტაბები გვაფიქრებინებდა, რომ ახლო მომავალში მასთან თანამშრომლობის სურვილი სხვა დიდ მოდის სახლებსაც გაუჩნდებოდათ.
მიმდინარე წლის ოქტომბერში, დენიელ ლი Burberry-ის შემოქმედებით დირექტორად დასახელდა. მან ხსენებულ პოზიციაზე იტალიელი დიზაინერი რიკარდო ტიში შეცვალა.
“ბარბერი არის ბრენდი, რომლის შესახებ დიდ ბრიტანეთში ყველამ იცის. ეს მართლაც არის ბრიტანელობის სიმბოლო.” – ამბობს ლი ახალ ინტერვიუში. ბარბერის ისტორია 1856 წელს ბეისინგსტოკში დაიწყო. თავდაპირველად ბრენდის იდეა ემყარებოდა პრინციპს, რომ სამოსი უნდა შეიქმნას იმისთვის, რათა ადამიანები ბრიტანული ამინდისგან დაცულები იყვნენ. დამფუძნებელმა თომას ბარბერიმ წყალგაუმტარი ქსოვილის ტექნოლოგია შეიმუშავა, რომელსაც გაბარდინი ეწოდა. პირველი მსოფლიო ომის დროს კი ბარბერიმ საკულტო თრენჩი შექმნა.
თრენჩი და გაბარდინი დღესაც Burberry-ის დიზაინ ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილებია და რა თქმა უნდა გამოყენებული იქნება დენიელის სადებიუტო კოლექციაში, რომელსაც ლონდონის მოდის კვირეულზე, 2023 წლის 20 თებერვალს ვიხილავთ.