როდესაც რიკარდო ტიში Burberry -ს შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ეს უდიდესი ისტორიის მქონე ბრიტანული მოდის სახლი ცვლილებებისთვის მზად იყო. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელმა დიზაინერმა თინეიჯერობის და სტუდენტობის წლების მნიშვნელოვანი ნაწილი ლონდონში გაატარა და გამომდინარე აქედან, მას ახლო კავშირი აქვს ბრიტანულ კულტურასთან, ის არ მოიაზრებოდა ბარბერის იდენტობასთან თანხვედრაში მყოფ კანდიდატად.

რიკარდო ეტრფის გოთიკურ სტილს და ცნობილია ურბანული კულტურისადმი სიყვარულით, ის არ არის კონსერვატული და კლასიკური, პირიქით, ტიში ერთ-ერთი პირველი დიზაინერია, რომელმაც ქუჩის სტილი და ჰიპ-ჰოპ კულტურა მაღალ მოდაში სარწმუნო გახადა. რიკარდოს და ტრადიციული კონსერვატული ინგლისური ბრენდის, Burberry -ს  გაერთიანება გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი და ამავდროულად, ამაღელვებელი მოვლენა იყო, რომელიც ადრე, თუ გვიან, ბარბერის იერსახეს აუცილებლად შეცვლიდა.

ტიშის სადებიუტო კოლექციიდან 3 წლის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დრო დადგა.

იტალიელმა დიზაინერმა Burberry -ს მამაკაცის ხაზის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია ციფრულად წარადგინა. 53 ლუქისგან შემდგარი პრეზენტაცია იტალიელი დიზაინერის მხრიდან ამბიციურ განაცხადად უკვე შეფასდა. თუ აქამდე, ტიში მოთმინებით და ფრთხილად ცდილობდა საკუთარ სტილს და პერსონას ბარბერის მემკვიდრეობა არ დაეჩრდილა, ახლა, ის მზად არის თავად აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგას რადიკალური ნაბიჯები.

„დიზაინერს დრო სჭირდება, რომ იპოვოს სწორი მიდგომა. გარედან ისე ჩანს, რომ კომპანიაში იწყებ მუშაობას და… ეს პროცესია. 3 წლის შემდეგ, იდენტობა უფრო ნათელი ხდება,“- აღნიშნა იტალიელმა ახალ კოლექციაზე საუბრისას.

ნიშნავს, თუ არა ეს, რომ ტიში ჩამოშორდება თომას ბარბერის ამბავს და საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ძირითადად, თანხვედრაში არ არის ბრიტანულ მოდის სახლის კოდებთან, თუმცა კომერციულად ძალიან წარმატებულია, ამას მომავალი კოლექცია კიდევ უფრო კარგად გვაჩვენებს. მანამდე თვალი გადავავლოთ იტალიელი დიზაინერის ახალ ნამუშევარს.

Burberry Menswear – გაზაფხული/ზაფხული 2022.