მოდის ინდუსტრიაში, ბოლო ათწლეულის სიღრმისეულად გაანალიზების შემდეგ, ჩინეთს თავისუფლად უწოდებენ მომავლის ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყანას. გასულ 10 წელში, ჩინეთში გაიმართა ძვირადღირებული ევროპული ბრენდების უფრო მეტი ჩვენება, ღონისძიება, გამოფენა, ვიდრე 2010-იანი წლების დაწყებამდე, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში. ჩინელებმა შექმნეს და შეიძინეს არაერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო სივრცე, პლატფორმა. ისინი გახდნენ დომინანტები ტურისტული ვაჭრობის სეგმენტშიც. ძალიან ბევრი მოდის სახლი ღიად აცხადებს, რომ მომენტის მდგომარეობით, თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ჩინელი ტურისტი უფრო მეტ თანხას ხარჯავს მაღაზიებში, ვიდრე ნებისმიერი სხვა ეროვნების მყიდველი.

შედეგად, ცნობილი დიზაინერები, ბრენდები მიილტვიან ჩინური ბაზრისაკენ, რაც გამოიხატება ჩინეთისთვის მიძღვნილ ჩვენებებში, ჩინელი მოდელებისთვის კონტრაქტების გაფორმებაში. მეტიც, რამდენიმე მსხვილ ევროპულ ბრენდში, უკვე ტრადიციად იქცა სპეციალურად ჩინური ბაზრისთვის, ყოველწლიური სარეკლამო კამპანიის გადაღება. მათ შორისაა ბრიტანული მოდის წამყვანი ბრენდი – Burberry.

ფოტოგრაფი: Feng Li

ბარბერიმ ახალი კამპანია 2020 წლის მიწურულს გაავრცელა. ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის, იტალიელი დიზაინერის, რიკარდო ტიშის გარდა, ჩინური ახალი წლისთვის მიძღნილი სარეკლამო გადაღების გუნდი მთლიანად ჩინელებითაა დაკომპლექტებული. კამპანიის სახეები გახლავთ, ყველაზე ცნობილი ჩინელი ქალი სუპერმოდელი, Liu Wen და მამაკაცი მოდელი – Wang Xiangguo.

Burberry 2021
ფოტოგრაფი: Feng Liსტილისტი: Audrey Huვარცხნილობის სტილისტი: Issac Yuვიზაჟისტი: Anna Hu

როგორც ბრენდის განცხადებაში ვკითხულობთ, კამპანია შთაგონებულია ჩინური ზოდიაქოთი და ის ბუნების დიდებულებას წარმოაჩენს. რაც შეეხება ტანსაცმელს, კაფსულა კოლექცია აერთიანებს Burberry-ს ისტორიულ, საკულტო მონოგრამებს, პრინტებს და პროდუქტებს, როგორიცაა თრენჩი. კოლექციაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აქსესუარებს, უფრო კონკრეტულად კი, ჩანთებს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინელ გულშემატკივრებში კამპანიას მეტწილად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.