რამდენიმე დღის წინ, ყველასათვის მოულოდნელად, დენიელ ლის მიერ Bottega Veneta-ს კრეატიული დირექტორის პოზიციის დატოვების შესახებ გახდა ცნობილი. მისი სამ წლიანი ბრწყინვალე საქმიანობა იტალიურ ბრენდში ხანმოკლე გამოდგა, გადაწყვეტილების მიღების ბუნდოვანი მიზეზები კი მოდაში განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა.
ბუნებრივია, დაიწყო სპეკულაცია თუ ვინ დაიკავებდა ლის ადგილს ბრენდში. და რამდენადაც დენიელთან დაკავშირებული სიახლე იყო მოულოდნელი, იმდენად მოსალოდნელი აღმოჩნდა იმ პიროვნების ვინაობის გამჟღავნება, ვინც მას ჩაანაცვლებს. ის რაფ სიმონსის და ფიბი ფაილოს ყოფილი პროტეჟე მეთიუ ბლაზია, რომელიც Bottega Veneta-ს გუნდს გასულ წელს შეუერთდა. ბოლო დღეების განმავლობაში, როდესაც Bottega Veneta-ს ახალი კრეატიული დირექტორის შესაძლო ვარიანტებს განიხილავდნენ, იქ ყოველთვის იყო ნახსენები მეთიუს სახელიც.
ბლაზი 1984 წელს პარიზში დაიბადა. ის ბრიუსელის La Cambre-ს კურსდამთავრებულია. მისი კარიერა მოდაში რაფ სიმონსის ბრენდში მამაკაცის სამოსის დიზაინერად იწყება. მეთიუ 4 წელი, ჯონ გალიანოს დანიშვნამდე, მარჯიელას კოლექციებზე იყო პასუხისმგებელი, 3 წელი სელინში გაატარა, ხოლო 2016 – 2018 წლებში, რაფ სიმონსის ხელმძღვანელობით, კელვინ კლაინის დიზაინერიც გახლდათ.
Matthieu Blazy is the news creative director of #BottegaVeneta. It’s about time he got a brand. This is going to be interesting.
— Vanessa Friedman (@VVFriedman) November 15, 2021