Bottega Veneta სოციალური ქსელებიდან 2021 წლის დასაწყისში გაუჩინარდა. მაშინ, მხოლოდ ინსტაგრამზე, ბრენდს 2.5 მილიონამდე მიმდევარი ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მომხმარებელს თეორიები თითქმის ყველაფერზე აქვს, ცნობილი მოდის სახლის ამ ნაბიჯის ახსნა ყველას გაუჭირდა.

სიახლის გავრცელებიდან ერთი თვის შემდეგ, Bottega Veneta-ს მფლობელი კომპანიის, “ქერინგის” ხელმძღვანელმა, ფრანსუა-ანრი პინომ განაცხადა: „ეს არ ნიშნავს სოციალური ქსელებიდან გაუჩინარებას – ეს უბრალოდ მათი განსხვავებულად გამოყენებაა. ბოთეგამ გადაწყვიტა, რომ უფრო მეტად დაეყრდნოს საკუთარ წარმდგენებს და ფანებს.“

იმ დროისათვის, ინსტაგრამის პლატფორმაზე უკვე არსებობდა პოპულარული არაოფიციალური გვერდი – New Bottega, რომელიც აქტიურად აწვდიდა გამომწერებს სიახლეებს. ეს იყო დახვეწილი და ორგანიზებული „ფან-გვერდი“, რომლის გამომწერების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. პარალელურად, იტალიური მოდის სახლმა ონლაინ ჟურნალის გამოშვებაც დააანონსა, სახელწოდებით Issued by Bottega. რამაც, საბოლოოდ, ნათელი მოფინა იტალიური მოდის სახლის ახალ საკომუნიკაციო სტრატეგიას.

Bottega Veneta გაზაფხული/ზაფხული 2023

სოციალური ქსელებიდან გაუჩინარებიდან 2 წლის შემდეგ, იტალიური მოდის სახლის სტრატეგია შესაძლოა გადაიხედოს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს გავრცელებული სიახლე იმის შესახებ, რომ “ბოტეგა ვენეტამ” ოფიციალური პროფილი შექმნა ჩინურ სოციალურ ქსელში – Sina Weibo-ში. ბრენდის პირველი პოსტები 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებას ეხება, რომელიც მილანის მოდის კვირეულზე 25 თებერვალს იგეგმება. შოუს თიზერებს ჩინურ სოციალურ ქსელში უკვე აქვს 2.5 მილიონი ნახვა. ნიშნავს თუ არა ეს რომ ციფრულ კომუნიკაციაში 2 წლიანი ექსპერიმენტი დასრულდა და მალე “ბოტეგა ვენეტას” სოციალური არხები აღდგება სხვა პლატფორმებზეც?! ბრენდი ჯერ-ჯერობით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.