Bottega Veneta განაგრძობს განსხვავებული სტრატეგიით მუშაობას. როგორც მოდის გავლენიანი პრესა იუწყება, ბრენდმა ახალი კოლექცია, 2021 წლის შემოდგომა/ზამთარი, ბერლინში წარადგინა. წინა სეზონის მსგავსად, ჩვენებას ექსკლუზიური და ანონიმური ხასიათი ჰქონდა, რაც გულისხმობს დახურულ ფორმატს.
მას შემდეგ, რაც მსოფლიო პანდემიამ მოიცვა, მოდის კვირეულების ტრადიციულ სისტემაში დიდი ცვლილებები დაიწყო. ახალი დღის წესრიგი შეეხო თითქმის ყველა ცნობილ ბრენდს, თუმცა ბოთეგა ვენეტამ მაინც მოახერხა რადიკალურად განსხვავებული გზის არჩევა. ბრენდის შემოქმედებითმა დირექტორმა, დენიელ ლიმ 2021 წლის ზაფხულის კოლექცია, მილანის მოდის კვირეულის ნაცვლად, ოქტომბერში, ლონდონში წარადგინა.
პრეზენტაცია,რომელსაც მოდის სახლმა ‘Salon 01’ უწოდა, დახურული იყო. მისი ხილვა საზოგადოებამ მხოლოდ 2 თვის შემდეგ, 2020 წლის დეკემბერში შეძლო.
ახლა ცნობილი ხდება, რომ 9 აპრილს, იტალიურმა ბრენდმა ‘Salon 02’ ჩვენება მოაწყო, რომელზე დასწრებაც, გასული სეზონის მსგავსად, შეზღუდული იყო. ახალი კოლექციის ფოტოები და ვიდეოები არ გავრცელებულა. ფოტოგრაფებმა მხოლოდ მიწვეული სტუმრების დაფიქსირება შეძლეს.
ოფიციალური განცხადება, იმის თაობაზე, თუ როდის გავრცელდება გუშინ გამართული პრეზენტაციის ფოტო და ვიდეო მასალა, ჯერ არ გამოქვეყნებულა.
შესაძლოა ითქვას, Bottega Veneta-ს მხრიდან მილანის მოდის კვირეულის გამოტოვება, ბრენდის მფლობელი კომპანიის, Kering-ის კორპორატიული სტრატეგიის ნაწილია, თუმცა დახურული ფორმატით, ევროპის სხვადასხვა ქალაქებში კოლექციების წარდგენა, იტალიური მოდის სახლის ხელწერად ყალიბდება.