ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით პოპულარული გახდა მოდის კონცეპტუალური მაღაზიები – სივრცეები, სადაც არამხოლოდ სასურველი ბრენდის და დიზაინერის სამოსის შეძენაა შესაძლებელი, არამედ, რიგ შემთხვევაში, სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ აქტივობაში ჩართვაც. კონცეპტუალურ მაღაზიებში ინტერიერი შოურუმის პრინციპით არის მოწყობილი, რაც ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს დაათვალიეროს წარმოდგენილი ნივთები და შექმნილი ატმოსფეროთი ისიამოვნოს. თუკი ვისაუბრებთ მოდის კონცეპტუალური მაღაზიების ტრენდის ისტორიაზე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ BIBA – ტანსაცმლის ბუტიკი ლონდონში, რომელიც გასულ 60-70-იანი წლების ახალგაზრდული სტილის სახედ იქცა. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა პოლონური წარმომავლობის ბარბარა ჰულანიკიმ მოდური ბრენდი დააარსა.

ბარბარა პოლონელი დიპლომატის შვილი იყო, ის ოჯახთან ერთად, ლონდონში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში გადავიდა. კარიერა მოდის ინდუსტრიას ადრეულ 1960-იან წლებში დაუკავშირა, როცა ბრაიტონის ხელოვნების კოლეჯის დასრულების შემდეგ, ფრილანსერ ილუსტრატორად დაიწყო მყშაობა. ბარბარა სტივენ ფიც-საიმონზე იყო დაქორწინებული, რომელიც სარეკლამო სფეროში მოღვაწეობდა. კრეატიული და პრაქტიკული ხედვა ფიც-საიმონს დაეხმარა მიმხვდარიყო, რომ ილუსტრაციების ეპოქა სრულდებოდა და მას ფოტოგრაფია უფრო აქტიურად ანაცვლებდა. მან ბარბარა დაარწმუნა, რომ დიზაინის მიმართ ნიჭს გაჰყოლოდა. ინტერესების თანხვედრამ და გარკვეული უნარების ერთობლიობამ, წყვილს ბიზნესის დაწყებისაკენ უბიძგა – 1963 წელს ბარბარამ და საიმონმა Biba’s Postal Boutique დააარსეს. ბიბა ბარბარას უმცროსი დის, ბირუტას ზედმეტსახელი იყო. თავდაპირველად, ბუტიკს არ ჰქონდა ფიზიკური კომერციული სივრცე, ის წინასწარი შეკვეთებზე მომუშავე მცირე ბიზნესი იყო. თუმცა ეს არ იყო მხოლოდ კომერციული წამოწყება – Biba გახდა ერთგვარი პლატფორმა, რომ მფლობელებს ახალი დიზაინის სამოსი შეექმნათ და დაკვირვებოდნენ, თუ რამდენად დაიმკვიდრებდა თავს ის ლონდონის ყოველდღიურ სტილში.

Biba-მ როგორც სივრცემ და ბრენდმა პირველ დიდ წარმატებას გახსნიდან ერთ წელში, 1964 წელს მიაღწია, როცა ავთენტური დიზაინით წარადგინა კუბოკრული ვარდისფერი კაბა და მისივე შესაფერისი თმისსახვევი – ეს დიზაინი ბარბარა ჰულანიკის ბავშვობის სამოსით იყო შთაგონებული, რომელსაც მისთვის დედა კერავდა. კაბა გავლენიანი მოდის ჟურნალის – The Daily Mirror-ის რედაქტორმა ფელისიტი გრინმა შეუკვეთა და ერთ-ერთი სტატიის ილუსტრაციისათვის გამოიყენა. სტატიის გამოქვეყნებისთანავე, Biba-მ მოდელის 17,000 შეკვეთა მიიღო. ამ წარმატებამ ბრენდის დამფუძნებლებს მისცა სტიმული, რომ პირველი ფიზიკური ბუტიკი გაეხსნათ Abingdon Road-ზე.

Biba, როგორც ბრენდი და როგორც ბუტიკი პოპულარობას დღითიდღე იხვეჭდა და მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ხელმისაწვდომი ფასები იყო. სწორედ ეს აქცევდა Biba-ს ლონდონის ძვირადღირებული მაღაზიებისაგან გამსხვავებულ სივრცედ, სადაც შეეძლო ჩაეცვა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ინდივიდუალური სტილი მოსწონდა და შეყვარებული იყო მოდაზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბუტიკი მხოლოდ საშუალო კლასის სტუდენტებისათვის საყვარელი სივრცე იყო – აქ სხვადსხვა დროს იმოსებოდნენ ისეთი ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ მაგალითად Twiggy, მიკ ჯაგერი, დევიდ ბოუი. ალბათ სიმბოლურია ისიც, რომ ანა ვინტური პირველი სამსახური სწორედ ბიბა იყო – ის კონსულტანტად მუშაობდა.

გარდა ტანისამოსისა და 60-იანი წლების ბრიტანული სტილის ახლებური ხედვის განვითარებისა, BIBA-ს დამფუძნებლები განსაკუთრებული სტრატეგიით ფიქრობდნენ ატფმოსფეროზე, რომლითაც მოსული მყიდველი მონუსხული უნდა დარჩენილიყო. ინტერიერში განლაგენბული იყო ვიქტორიანული ეპოქის ავეჯი და სხვადასხვა დეკორატიული უნიკალური ნივთი, რაც სივრცეს დრამატიზმს, თუმცა, ამავდროულად სიმყუდროვესაც ანიჭებდა.

ჰულანიკისა და ფიც-საიმონისათვის უდიდესი პრიორიტეტი იყო სტაფი. მათ მიაჩნდათ, რომ მომხმარებლებს და მომსახურე პერსონალს ერთ ენაზე უნდა ესაუბრათ, ერთნაირი გემოვნება ჰქონოდათ. გარდა ამისა, ზომიერი ფამილიარობაც გამოეჩინათ და საჭიროების შემთხვევაში მეგობრულად დახმარებოდნენ კლიენტებს სამოსის არჩევაში. BIBA-ს თანამშრომლები მართლაც განსაკუთრებული კეთილგანწყობითა და უშუალობით გამოირჩეოდნენ, მაღაზიაში მუდმივად ისმოდა მუსიკა. სნობური მიდგომით სავსე ბრიტანეთის მოდურ სამყაროში, ეს სივრცე დიდ კონტრასტს ქმნიდა და სწორედ ამიტომ, ის არა მხოლოდ საშოპინგო, არამედ გასართობ ადგილადაც იქცა. აქ შეიძლებოდა მოდაზე, ხელოვნებაზე საუბარი, საინტერესო ადამიანების ნახვა და გაცნობა.

ასე იქცა Biba სოციალურ მოვლენად. უამრავი ადამიანი ლონდონში მიდიოდა მხოლოდ იმის გამო, რომ ბიბაში ეშოპინგა არა მხოლოდ სამომხმარებლო მიზნით, არამედ დროის საინტერესოდ გასაყვანად. ბუტიკში სტუმრობა ერთგვარ ტრენდად იქცა. ის საინტერესო ფენომენი იყო მოდის ჟურნალების რედაქტორების, ფოტოგრაფებისა და მოდის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროფესიონალისათვის. ეს იყო ადგილი, რომლის ერთგული მომხმარებლის სტატუსი მნიშვნელოვნად უხსნიდა ადამიანებს კარს სხვადასხვა სახელოვნებო კომუნაში მოსახვედრად. 1966 წელს, Kensington Church Street-ზე BIBA-ს ახალი მაღაზია გაიხსნა.

ოდნავ მოგვიანებით კი, Kensington High Street-ზე არტ დეკოს არქიტექტურული სტილის შენობაში გადავიდა – ეს იყო უფრო დიდი სივრცე და ბრენდის ერთგვარად ახალი განაცხადიც. მიუხედავად ამისა, BIBA კვლავ რჩებოდა იმ ადგილად, სადაც ლონდონის ახალგაზრდებს, რიგით სტუდენტებს შეეძლოთ ღამის კლუბში წასვლამდე მისულიყვნენ და უმოკლეს დროში სასურველი სამოსი შეერჩიათ.

BIBA-ს მოდელები V&A-ს მუდმივი კოლექციიდან.

მე-20 საუკუნის 70-იანი წლების შუა რიცხვბში, ჰულანიკიმ და ფიც-საიმონმა Biba-ზე კონტროლი დაკარგეს, როცა ბიზნესის დიდი ნაწილი ბრიტანულ ბრენდს Dorothy Perkins-ს მიჰყიდეს. 1976 წელს, Biba დაიხურა. მისმა ახალმა მფლობელებმა რამდენჯერმე სცადეს ბრენდის აღდგენა, თუმცა მან უწინდელი გავლენა ვერ დაიბრუნდა და მოდის ისტორიის ნაწილად დარჩა.