საერთაშორისო მედია გამოცემები მოდაში ყველაზე მდიდარი ადამიანის, ბერნარ არნოს მორიგ ამბიციურ სურვილზე წერენ. ფრანგი მილიარდერი შვეიცარიაში დაფუძნებული კომპანიის, Richemont-ის საკონტროლო წილის შეძენით არის დაინტერესებული. სიახლე პირველად შვეიცარიულმა ჟურნალმა, Finanz und Wirtschaft-მა გაავრცელა.

წყაროს ინფორმაციით, ბერნარის მთავარი მიზანი ძვირფასი სამკაულების ცნობილ ბრენდზე, Cartier-ზე კონტროლის მოპოვებაა. უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც არნოს ხელმძღვანელობით, მოდის უმსხვილესმა კონგლომერატმა, LVMH-მა Tiffany & Co 16 მილიარდ დოლარად შეიძინა, ნაკლებად მოსალოდნელი იყო თუ ახლო მომავალში, ბერნარი ინტერესს კვლავ სამკაულების ბრენდის მიმართ გამოხატავდა. გავრცელებული ინფორმაცია გვაფიქრებინებს, რომ ძვირფასი სამკაულების ბიზნესი LVMH-ისთვის ახალი მნიშვნელოვანი სეგმენტია. აღსანიშნავია ისიც, რომ ახლო წარსულში, Cartier-ის შეძენის სურვილი გამოითქვა მოდის კიდევ ერთ ცნობილ ფრანგულ კონგლომერატში – Kering-ში.

Richemont სამკაულების ცნობილი ბრენდის გარდა, აგრეთვე ფლობს Alaïa-ს და Chloé-ს მოდის სახლებს. დღეს გავრცელებული ხმების შესახებ, მხარეები ჯერ-ჯერობით კომენტარისგან თავს იკავებენ.