ცნობილი გერმანული კომპანიის, Hugo Boss-ის წამყვანი ხაზი, BOSS 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანიას აქვეყნებს, რომელშიც თანამედროვე კულტურისა და სპორტის ცნობილი სახეები მონაწილეობენ. სუპერმოდელები ნაომი ქემბელი და ჯიჯი ჰადიდი, მუსიკოსი მალუმა, კორეელი მსახიობი ლი მინ ჰო და იტალიელი ჩოგბურთელი მატეო ბერეტინი “ბოსის” ახალ კამპანიაში ბავშვობის ფოტოებით ხელში პოზირებენ. მიზანი ბრენდის სლოგანის “იყავი საკუთარი თავის ბოსის” წარმოჩენაა. ცნობილი ადამიანების აღბეჭდვა ბავშვობის ფოტოებთან ერთად, მოგვითხრობს წარმატებისაკენ მიმავალი იმ არაორდინალურ გზის შესახებ, რომელიც თითოეულმა მათგანმა განვლო.

გლობალური სარეკლამო კამპანიის გამოქვეყნების შემდეგ, გერმანულმა ბრენდმა ციფრული კამპანიაც წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც, ბავშვობის ფოტოებსა და წარმატების ისტორიებს არა მხოლოდ “ბოსის” ამბასადორები, არამედ სხვა ცნობილი ადამიანები და სოციალური ქსელების ინფლუენსერებიც გვიზიარებენ.

ახალ კამპანიასთან ერთად, ცნობილი ხდება, რომ BOSS-ის მომდევნო კოლექციის ჩვენება 15 მარტს, მაიამიში გაიმართება. შოუ ‘see now, buy now’ ფორმატის იქნება, რაც გულისხმობს ჩვენებაზე წარმოდგენილი კოლექციის მომენტალური შესყიდვის შესაძლებლობას, სტანდარტული 6 თვიანი ლოდინის გარეშე.