
ბარსელონას საქორწინო მოდის კვირეულის ახალი სეზონი განსაკუთრებული გამოდგა. Marchesa-სა და Viktor&Rolf – ის შემდეგ, კვირეულმა საპატიო სტუმრის სტატუსით ცნობილ ლიბანელ დიზაინერს, ელი სააბს უმასპინძლა. შოუს ლოკაციად ბარსელონას ცნობილი Maritime Museum შეირჩა. კოლექცია სრულად თეთრი 30 კაბისგან შედგებოდა. დიზაინერის მთავარი შთაგონება იაპონელი მხატვრის, კაცუსიკა ჰოკუსაის შემოქმედება გახდა. კოლექცია კლასიკური სილუეტებითა და ფორმებით ხასიათდება, გამოყენებულია ისეთი ქსოვილები და დეტალები, ბზინების, მარგალიტების სახით, რომლებიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს საქორწინო კაბების ყოველწლიურად მზარდ მარკეტზე.
“ბარსელონას საქორწინო მოდის კვირეულმა შესანიშნავად გაართვა თავი საქმეს და ჩამოყალიბდა ღონისძიებად, რომელსაც აუცილებლად უნდა დაესწრო, თუ მუშაობ საქორწინო კაბების მიმართულებით. მოხარულები ვართ, რომ მოწვეულები ვართ ახალ სეზონზე და ღრმა პატივისცემით ვაფასებთ ღონისძიების მუშაობას და განვითარებას.“
– აღნიშნა ელი სააბ უმცროსმა, ბრენდის დამფუძნებლის და კრეატიული დირექტორის, ელი სააბის ვაჟმა.
Fashion Network -ის ინფორმაციით, საქორწინო კაბების კატეგორია სააბის გაყიდვების 15%-ს უკვე შეადგენს. გამომდინარე აქედან, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბარსელონაში წარმოდგენილი კოლექცია არ იქნება საქორწინო კაბების ბოლო ნამუშევარი, რომელსაც ლიბანელმა დიზაინერმა დამოუკიდებელი შოუ მიუძღვნა.
იხილეთ ჩვენების ჩანაწერი: