
გასული შვიდი წლის განმავლობაში, ქართველი დიზაინერის, დემნას კოლექციებით თანამედროვე სპორტისა და პოპ კულტურის ყველაზე ცნობილ ვარსკვლავებს ვხედავდით, თუმცა ამჯერად, ბალენსიაგას მომხმარებელთა რიგებს აკადემიკოსებიც უერთდებიან.
ფრანგული პრესა, ისევე როგორც ბრენდის მფლობელი კომპანია, Kering და დემნას პროფესიულ საქმიანობაზე არსებული ოფიციალური პლატფორმა Demnagram, ავრცელებენ ახალ ფოტოებსა და ინფორმაციას – ფრანგული ლიტერატურის პროფესორი, მწერალი და კრიტიკოსი, ანტუან კომპენიონი საფრანგეთის აკადემიაში დემნას მიერ შექმნილი ოტ-კუტიურ კოსტიუმით წარდგა. როგორც ვკითხულობთ, შავი მოსასხამი, შარვალი და თეთრი პერანგი ბალენსიაგას ატელიეში 300 საათის განმავლობაში იქმნებოდა, ხოლო რაც შეეხება ნაქარგებს, მის უზადოდ შესრულებაში 900 სამუშაო საათი დაიხარჯა.




