
გასული წლის მიწურულს,მოდის პრესაში აქტიურად ვრცელდებოდა ხმები ახალ კოლაბორაციაზე, რომელსაც საუკუნოვანი კუტიურ ბრენდი Balenciaga და ყოველდღიური სტილის ამერიკული საკულტო კომპანია Supreme უნდა გაეერთიანებინა, თუმცა ნოემბრის ბოლოს ბალენსიაგას სარეკლამო კამპანიების გარშემო განვითარებულმა სკანდალმა, Supreme -სთან შესაძლო კოლაბორაციაზე ჭორები ყველას დაავიწყა.


თითქმის 4 თვის, ამდენივე ახალი ინტერვიუს და 2023 წლის ზამთრის ჩვენების შემდეგ, ინტერნეტში, კვლავაც არაოფიციალურად, თუმცა სანდო ინსაიდერული წყაროებიდან, Highsnobiety აქვეყნებს ფოტოებს Balenciaga x Supreme -ს ახლა უკვე გაუქმებული კოლაბორაციიდან.





გლობალური სკანდალის შემდეგ, Balenciaga -ს ახალი ხედვა, როგორც ეს ქართველმა კრეატიულმა დირექტორმა დემნამ Vogue-ს, The New Yorker-ს, Le Monde-ს და სხვა ცნობილ გამოცემებს გაუზიარა, მოიაზრებს უფრო მეტი აქცენტის გაკეთებას კლასიკურ, მაღალი ხარისხის კოლექციებზე, მკერვალობასა და სამოსის შექმნის უმაღლეს ტექნიკაზე. გამომდინარე აქედან, უნდა ვივარაუდოთ, რომ Supreme-სთან კოლაბორაციის ადგილი ფრანგული მოდის სახლის ამჟამინდელ სტრატეგიაში აღარ არის.
ინფორმაცია კოლაბორაციაზე, მის გაუქმებასა და ფოტოებზე არ დაუდასტურებიათ Balenciaga-ს და Supreme-ს წარმომადგენლებს.