ცნობილი გახდა, რომ ადიდასის და ბალენსიაგას კოლაბორაციული კოლექციის გაყიდვები გაურკვეველი ვადით შეჩერდა. კოლაბორაციის პრემიერა მაისში, ბალენსიაგას 2023 წლის რესორთ კოლექციის ჩვენებაზე შედგა. შოუს ნიუ-იორკმა უმასპინძლა, სარეკლამო კამპანიის გადაღებებიც ნიუ-იორკში მოეწყო, კოლექციის გაყიდვაში გამოსვლა კი, წლის ბოლოს დაანონსდა.

სიახლეს მოულოდნელს ვერ ვუწოდებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ბალენსიაგას გახმაურებული სკანდალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ადიდასთან ერთად შექმნილი სარეკლამო ფოტო გახდა. კამპანიაში, რომელიც ფოტოგრაფმა კრის მაჯომ Adidas-თან თანამშრომლობით გადაიღო, მხოლოდ ბალენსიაგას ჩანთა არ იმსახურებდა ყურადღებას. კადრში მოხვდა მე-11 გვერდი დოკუმენტიდან, რომელიც 2008 წელს აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მიერ ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას შეეხება.

Adidas-ის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, რომ კომპანია ბალენსიაგასთან თანამშრომლობის „გადაფასებას“ გეგმავს. სწორედ ამის შემდეგ გავრცელდება ზუსტი სიახლე იმის შესახებ, როდის გამოვა, ან თუ გამოვა კოლექცია გაყიდვაში.