ფრანგი მილიარდერი და Kering-ის ხელმძღვანელი, ფრანსუა პინო მოდის ბიზნესიდან ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, ჩინეთს ეწვია. შანხაი, პეკინი, ჩენდუ და ნანძინი – ეს იმ ქალაქების ჩამონათვალია, სადაც პინო ადგილობრივ სამთავრობო და ბიზნეს ლიდერებთან შეხვედრებს მართავს. შანხაიში გამართულ შეხვედრაზე, ჩინეთის სამთავრობო პარტიის მდივანმა, Jining Chen-მა აღნიშნა, რომ მიესალმება Kering-ის მზარდ ინვესტიციებს შანხაის ადგილობრივ ბაზარზე და ფრანგული კონგლომერატის ხელმძღვანელებს საფრანგეთსა და ჩინეთს შორის კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისაკენ მოუწოდა.

მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის, Kering-ის სახელით, ფრანსუა პინომ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა და სურვილი ჩინეთთან თანამშრომლობისთვის.

“ეს საბოლოოდ შეასრულებს პრეზიდენტ სი ძინპინის ხედვას შანხაისთან დაკავშირებით, აქციოს შანხაი გავლენიან სოციალისტურ თანამედროვე ქალაქად და აგრეთვე გააუმჯობესოს ადგილობრივების ცხოვრების დონე.” – თქვა ჩენმა პინოსთან შეხვედრაზე.

François-Henri Pinault & Jining Chen  – ფოტო შანხაიში გამართული შეხვედრიდან (c) WWD/Zhengbao Chen

ჩინეთში ფრანსუა პინოსთან ერთად იმყოფებიან, Kering-ის მფლობელობაში არსებული ბრენდების, “ბალენსიაგასა” და “სენ ლორანის” აღმასრულებელი დირექტორები, სედრიქ შარბი და ფრანჩესკა ბელეტინი. პინო და შარბი შანხაიში Balenciaga-ს ადგილობრივ მაღაზიასაც ესტუმრნენ. Balenciaga-ს კრიზისის ფონზე, საშობაო სეზონი, რომელიც ლუქს ბიზნესში და არა მხოლოდ, წლის ყველაზე შემოსავლიანი დროა, Kering-ისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი პერიოდი გამოდგა, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ სკანდალმა მეტწილად დასავლურ პრესაში იფეთქა, უფრო კონკრეტულად კი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამიტომ ახლა, როცა “ბალენსიაგას” გაყიდვები ამერიკაში გამოწვევის წინაშე შესაძლოა დადგეს, ფრანგული ბრენდის ხელმძღვანელების ჩინეთში სტუმრობა მოსალოდნელი იყო.

(c) WWD

შეგახსენებთ, რომ დემნა ფრანგული მოდის სახლისთვის შექმნილ ახალ კოლექციას 5 მარტს, პარიზის დროით 11 საათსა და 30 წუთზე წარადგენს. ჩვენებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.