მოდის სახლმა Balenciaga-მ ინსტაგრამზე დაარქივებული პოსტები მოულოდნელად გამოაჩინა, რის შედეგადაც სოციალური ქსელის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 2018 წლის 18 ივნისიდან, 2021 წლის 16 ივნისამდე გამოქვეყნებული მასალა კვლავ ნახონ. Balenciaga-მ ინსტაგრამის ე.წ. ისტორიების (Story) გამოქვეყნებაც დაიწყო, რაც სავარაუდოდ, სოციალური მედიის განახლებული სტრატეგიისა დასაწყისია.
2022 წლის ბოლო ბრენდისათვის ერთ-ერთი ყველაზე კრიზისული პერიოდი იყო. Balenciaga სარეკლამო კამპანიების გამო დიდ სკანდალში გაეხვა. საყოფაცხოვრებო ნივთების ხაზის კამპანიის ესთეტიკის გამო, ბრენდი პედოფილიის და ბავშვთა პორნოგრაფიის წახალისებაში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ, ბრენდმა ბოდიში მოიხადა, პირადი წერილი გამოაქვეყნა ბრენდის კრეატიულმა დირექტორმაც, დემნამ. თებერვალში, სკანდალთან დაკავშირებული დემნას ვრცელი ინტერვიუ ამერიკულ Vogue-ში დაიბეჭდა.
სკანდალის შემდეგ, არაერთი მინიშნება გაჟღერდა, რომ Balenciaga სტრატეგიას ბევრი მიმართულებით ცვლის. სოციალურ მედიაში აქტიურად დაბრუნება კი, მოდის სახლისგან ერთ-ერთი პირველი სიახლეა.