გლობალური მასშტაბის სკანდალიდან თითქმის ორი თვის შემდეგ, ფრანგული მოდის სახლის ინსტაგრამზე ახალი პოსტები გამოჩნდა. ნაცრისფერი ფონის მინიმალისტურ ფოტოებზე, მოდელები “Garde-Robe” კოლექციით არიან წარმოდგენილნი.

“Garde-Robe” ბალენსიაგას შედარებით ახალი ხაზია, რომელიც ბრენდის ქართველმა კრეატიულმა დირექტორმა, დემნამ 2022 წლის მაისში, ნიუ-იორკში გამართულ ჩვენებაზე წარადგინა. ხაზი მეტწილად ფორმალური და საქმიანი სტილის ტანისამოსისგან შედგება.

გასული წლის ნოემბერში, Balenciaga-მ საყოფაცხოვრებო ნივთების ხაზის რეკლამა გამოაქვეყნა, რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვები მონაწილეობდნენ. რამდენიმე ფოტოზე, ბავშვებთან ერთად, აღბეჭდილი იყო ე.წ. teddy bear-ის ფორმის ჩანთები, რომლებიც ტყავის, BDSM ელემენტებით არის გაფორმებული. კამპანიის ფოტოგრაფი გაბრიელ გალიმბერტი გახლდათ. გაბრიელი National Geographic-ის ფოტოგრაფია და თავისი ერთ-ერთი პროექტის, „სათამაშოების ისტორიების“ ფარგლებში, ბავშვებს თავიანთი საყვარელი სათამაშოებით გარშემორტყმულებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იღებს. Balenciaga-ს კამპანიაც ამ კონცეფციას ეფუძნებოდა. თუმცა სკანდალი არა კონცეფციამ, არამედ ფოტოებზე ბავშვებთან ერთად აღბეჭდილმა შეუსაბამო პროდუქტებმა გამოიწვია. 

სკანდალს მოჰყვა ბრენდის აღმასრულებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელების, სედრიქ შარბის და დემნას პერსონალური განცხადებები, სადაც ისინი ბოდიშს იხდიდნენ. მას შემდეგ, მოდის სახლის წარმომადგენლები სიჩუმეს ამჯობინებენ. ცნობილია, რომ ბრენდი 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებას მარტის პირველ კვირაში გამართავს. ჯერ-ჯერობით სხვა დეტალები უცნობია.