ცნობილი ხდება, რომ ბალენსიაგა ბავშვთა დაცვისა და განვითარების ეროვნული ალიანსს მხარდაჭერას უცხადებს. სამწლიანი პარტნიორობა მოიაზრებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: National Children’s Alliance-ის მენტალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის მხარდაჭერა, რომელიც ეხმარება ბავშვებს ტრავმისაგან განკურნებაში, ასევე ტრავმაზე ორიენტირებული ტრენინგების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ზრდა. ბალენსიაგას მხარდაჭერა ამერიკაში დაფუძნებულ ორგანიზაციას შესაძლებლობას მისცემს მოამზადოს დაახლოებით 2000 პროფესიონალი. ისინი სპეციალიზირებულნი იქნებიან ბავშვთა უფლებების დაცვაში, მათი მენტალური ჯანმრთელობის სწორად მართვასა და ძალადობის პრევენციაში. National Children’s Alliance-ში 2000 პროფესიონალის გადამზადება, ჯამში, 55 000 ბავშვზე იქონიებს დადებით გავლენას, ნათქვამია განცხადებაში.

გასული წლის ნოემბერში, Balenciaga-მ საყოფაცხოვრებო ნივთების ხაზის რეკლამა გამოაქვეყნა, რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვები მონაწილეობდნენ. რამდენიმე ფოტოზე, ბავშვებთან ერთად, აღბეჭდილი იყო ე.წ. teddy bear-ის ფორმის ჩანთები, რომლებიც ტყავის, BDSM ელემენტებით არის გაფორმებული. კამპანიის ფოტოგრაფი გაბრიელ გალიმბერტი გახლდათ. გაბრიელი National Geographic-ის ფოტოგრაფია და თავისი ერთ-ერთი პროექტის, „სათამაშოების ისტორიების“ ფარგლებში, ბავშვებს თავიანთი საყვარელი სათამაშოებით გარშემორტყმულებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იღებს. Balenciaga-ს კამპანიაც ამ კონცეფციას ეფუძნებოდა. თუმცა სკანდალი არა კონცეფციამ, არამედ ფოტოებზე ბავშვებთან ერთად აღბეჭდილმა შეუსაბამო პროდუქტებმა გამოიწვია. 

სკანდალმა გლობალური სახე მიიღო და საერთაშორისო პრესის ყველაზე განხილვად თემად იქცა, რის შემდეგაც, ბრენდის აღმასრულებელმა და შემოქმედებითმა ხელმძღვანელებმა, სედრიქ შარბიმ და დემნამ საჯარო ბოდიში მოიხადეს. მას შემდეგ, ბალენსიაგას ოფიციალური პირები სიჩუმეს ამჯობინებდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ, ბავშვთა ეროვნულ ალიანსთან თანამშრომლობის დაანონსებამდე, ცნობილი გახდა, რომ დემნა ახალ 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას 5 მარტს, პარიზის მოდის კვირეულზე, 11 საათსა და 30 წუთზე წარადგენს.