გასულ კვირებში ინტერნეტი მოიცვა სტატიებმა ჰედლაინით, “არის თუ არა ბალენსიაგა ახალი გუჩი?” – შთამბეჭდავი 2021 წლის შემდეგ, ბალენსიაგამ საერთაშორისო მოდის ლიდერის სტატუსი 2022 წლის პარიზის მოდის კვირეულზეც გაიმყარა. რაც ქართველი დიზაინერის, დემნას შემოქმედებითი ნიჭის და ინდივიდუალური, ყველასგან განსხვავებული ხედვის დამსახურებაა.

გამომდინარე აქედან, მოსალოდნელიც იყო, რომ Lyst Index-ის მიხედვით, ბალენსიაგა კვლავ ყველაზე განხილვად მოდის სახლად დასახელდებოდა, როგორც 2021 წლის ბოლო კვარტალში. აღსანიშნავია, რომ წარსულში, ზედიზედ სამჯერ, Lyst Index-ის სათავეში მხოლოდ გუჩის ვხედავდით. 2022 წლის პირველი კვარტლის შედეგებით, იტალიური მოდის სახლი ბალენსიაგას მეორე ადგილზე ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ Lyst საერთაშორისო ბაზარს და მასში არსებულ 12, 000 ბრენდს სწავლობს. გაყიდვების, Google-ის საძიებო სისტემის და სოციალურ ქსელებში აქტივობის გათვალისწინებით, ყოველი კვარტლის ბოლოს, პლატფორმა განხილვადი ბრენდებისა და პროდუქტების ჩამონათვალს გვთავაზობს.