2009 წლის ოქტომბერში, ალექსანდრ მაკქუინმა მორიგი გახმაურებული კოლექცია – Plato’s Atlantis წარადგინა. გარდა იმისა, რომ 2010 წლის გაზაფხული/ზაფხულის პრეზენტაცია იყო მაღალი მოდის პირველი ჩვენება, რომელიც ინტერნეტში, პირდაპირ ეთერში გადაიცა, შოუს უნიკალურობა სხვა მრავალმა ფაქტორმაც განაპირობა.

კოლექციის დასამახსოვრებელი და საკულტო დეტალებიდან ერთ-ერთია ფეხსაცმელი, რომელმაც ჩვენების პირველივე წამებიდან მიიქცია ყურადღება.

“Armadillo” Shoes – ამ სახელით არის ცნობილი მაკქუინის ეს ნამუშევარი, რომელიც დღეს ხელოვნების მუზეუმების დაცული ექსპონატია.

ფეხსაცმელი, რომლის ქუსლის სიმაღლე 30 სანტიმეტრია, ყოველდღიურობისთვის არ არის განკუთვნილი „წარმოსახვა და ფანტაზია გვჭირდება, რეალობა საკმარისად არის ჩვენ გარშემო“, აღნიშნა დიზაინერმა კოლექციაზე საუბრისას.

უნდა ითქვას, რომ თავიდან, მაკქუინმა ფეხსაცმლის მხოლოდ 21 წყვილი გამოუშვა და ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ “Armadillo” კომერციული მიზნებისთვის არ შექმნილა. ეს იყო მისი შემოქმედებითობის კიდევ ერთი უჩვეულოდ ბრწყინვალე გამოვლინება, რომელიც საზოგადოებაში წინააღმდეგობრივ განცდებს ბადებდა.

ლეგენდარული დიზაინერის შთაგონება ჩარლზ დარვინის 1859 წელს გამოქვეყნებული ნამუშევარი,  „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით“ გახდა.
როგორც მაკქუინმა პრესასთან საუბარში აღნიშნა, მან კოლექციით წარმოიდგინა ადამიანის ევოლუცია წყლის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ქალთევზების კულტს, მოდის ინდუსტრიაში, სიახლეს ვერ ვუწოდებთ, მაკქუინის მიერ შექმნილი წყლის ჰიბრიდული ქმნილება, თავისი საშიში, განსხვავებული, თუმცა მიმზიდველი იერსახით, თემის სრულად ახლებული ვიზუალური ინტერპრეტაცია აღმოჩნდა.

პრაქტიკური თვალსაზრისით, ფეხსაცმელი რთული სატარებელია არა მხოლოდ სიმაღლის, არამედ სიმძიმის გამოც, რადგან დიზაინერმა, მისი დამზადებისას, ხის მასალა გამოიყენა. ჩვენების დასრულების შემდეგ, უკლებლივ ყველა გავლენიანი მედია გამოცემა აღნიშნავდა იმ ტოპ მოდელების პროფესიონალიზმს, რომლებმაც “Armadillo” პოდიუმზე წარადგინეს.

როდესაც Alexander McQueen -ის 2010 გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაზე ვსაუბრობთ, რთულია არ გავიხსენოთ ლედი გაგა. არტისტი, რომელიც ცნობილია თავისი ეპატაჟური და სარისკო გადაწყვეტილებებით, თანამედროვე პოპ-კულტურის იმ იშვიათი მუსიკოსებიდან ერთ-ერთია, რომლებთანაც მაკქუინი თანამშრომლობდა.

ამის ნათელი მაგალითია “Plato’s Atlantis” კოლექცია, რადგან ამ ჩვენებაზე შედგა ლედი გაგას კარიერაში უდიდესი ჰიტის, “Bad Romance” -ის პრემიერა. მუსიკალურ კლიპში კი, მომღერალი სწორედ “Armadillo” ფეხსაცმლით ჩნდება. თითქმის 12 წლის შემდეგ, ეს მომენტი, რომელიც ალექსანდრ მაკქუინმა და ლედი გაგამ შექმნეს, კვლავ რჩება 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად.