თანამედროვე სამოდელო ინდუსტრიის ვარსკვლავი, სინდი კროუფორდის ქალიშვილი, კაია გერბერი მოდის პრესის გავლენიანი ჟურნალის, ELLE-ს ახალი ნომრის გარეკანზეა. გამოცემასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, კაია არაერთ თემას შეეხო, მათ შორის ნეპოტიზმს, რომელიც გასული თვეების განმავლობაში, საერთაშორისო მედიასა და სოციალურ ქსელებში ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხად იქცა.


ELLE: ბოლო დროს, სამოდელო და ზოგადად ვარსკვლავურ სამყაროში, ბევრი საუბარია იმაზე, თუ როგორ უადვილდებათ ადამიანებს ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება ოჯახის წევრის დახმარებით. შენზე თუ გამოთქვამენ ვარაუდებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღმოჩნდი ამ სამყაროში ?
კაია გერბერი: არ უარვყოფ, რომ პრივილეგია მაქვს. მაშინაც კი, თუ ეს მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ მყავს ინფორმაციის შესანიშნავი წყარო, ვიღაც ვინც მომცემს კარგ რჩევას. დედაჩემი ყოველთვის ხუმრობს, “რომ შემეძლოს დარეკვა და შანელის კამპანიის დაჯავშნა, ამას ჩემთვის გავაკეთებდი და არა შენთვის.” მაგრამ დედაჩემისგან საოცარი ხალხი გავიცანი, ვისთანაც ახლა მუშაობა მიწევს. ეს განსხვავდება, როდესაც საქმე მსახიობობას ეხება. არცერთი ხელოვანი არ შეწირავს საკუთარ ხედვას ვიღაცის შვილს. ხელოვნება ასე არ იქმნება და მე სწორედ ხელოვნებით ვარ დაინტერესებული. აგრეთვე, არავის სურს ისეთ ადამიანთან მუშაობა, ვინც გამაღიზიანებელია, ვისთანაც მუშაობა რთულია, ვისაც კარგი ხასიათი არ აქვს. დიახ, ნეპოტიზმი ჭარბადაა, მაგრამ ისე რომ იყოს გავრცელებული, როგორც ეს ხალხს წარმოუდგენია, მაშინ უფრო ხშირადაც ვიხილავდით.
ELLE აშშ – თებერვალი 2023
“ელის” ახალი ნომრისთვის კაია ფოტოგრაფმა Cass Bird-მა გადაიღო, მოდელის ვარცხნილობაზე Teddy Charles-მა იმუშავა, ვიზაჟი კი, FRANK B -ის სააგენტოს ეკუთვნის. რაც შეეხება ტანისამოსს, გერბერს ედი სლიმანის Celine-სთვის შექმნილი ნამუშევრები ამშვენებს. აქვე შეგახსენებთ, რომ კაია “სელინის” გლობალური ამბასადორია.




