ხუთშაბათს პარიზში, პალე როიალში ANDAM-ის მოდის დაჯილდოების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მთავარი პრიზის მფლობელი ლუი-გაბრიელ ნუში გახდა. ფრანგ დიზაინერს 300,000 ევრო გადაეცა და მას ერთი წლის განმავლობაში მენტორობას გაუწევს Chloé-ს აღმასრულებელი დირექტორი რიკარდო ბელინი. სპეციალური პრიზი დაიმსახურეს ესტერ მანასმა და დურან ლანტინკმა – თითოეულ მათგანს ერგო ფულადი ჯილდო 100,000 ევროს ოდენობით. პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონიაზე ასევე გამოვლინდა პიერ ბერჟეს სახელობის პრიზის მფლობელი არტურ აველანო. გარდა ამისა, აქსესუარების პრიზი უკრაინელ დიზაინერ რუსლან ბაგინსკის გადაეცა, ხოლო ინოვაციის – Ephea-ს.
დამწყები დიზაინერების და სტარტაპების განვითარების ხელშემწყობი ANDAM-ის კონკურსი 1989 წელს ნატალი დიუფურმა საფრანგეთის კულტურის სამინისტროს და DEFI-ის მხარდაჭერით დააარსა. პირველი გამოშვების გამარჯვებული ლეგენდარული ბელგიელი დიზაინერი მარტინ მარჯიელა გახდა. უახლოეს წარსულში კონკურსზე თანამედროვე მოდის ისეთ აქტუალურ სახელებს აქვთ პრიზი მოპოვებული, როგორებიც არიან: Botter, Y/Project და მარინ სერი. წლების განმავლობაში გამარჯვებულებს შორის ასევე იყვნენ: Lemaire, ენტონი ვაკარელო და ჯერემი სკოტი.
ANDAM-ის წლევანდელი მოდის დაჯილდოების 22 მუდმივი წევრისგან დაკომპლექტებულ ჟიურის 9 მიწვეული სტუმარიც შეუერთდა, რომელთა შორისაც იყვნენ: მოდელი ჯიჯი ჰადიდი, მოდის კრიტიკოსი ანჯელო ფლაკავენტო, ჩინური Vogue-ის მთავარი რედაქტორი მარგარეტ ჭანგი და Style Not Com-ის დამფუძნებელი ბექა გვიშიანი.