ვიზაჟის ხელოვნება დღესდღეობით მოდის, კინოს, მუსიკისა და სარეკლამო ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია. თანამედროვე რეალობაში აუდიტორიის დაინტერესების უპირველესი საშუალება კრეატიული ხედვა და იდეებია. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობენ ის არტისტები, რომელთა ნამუშევრები არაორდინალური ხედვითა და დამახასიათებელი ხელწერით გამოირჩევა. ეს ყოველივე ცხადია ვიზაჟის ხელოვნებაზეც ვრცელდება.

ანა ტაკაჰაში ახალი თაობის გამორჩეული ვიზაჟისტია. ბრაზილიური, იაპონური და ესპანური წარმოშობის ანა ლონდონში მოღვაწეობს. თავისი ორიგინალური და ავთენტური ხედვის დამსახურებით, მას უფრო ხშირად მოიხსენიებენ ვიზუალურ არტისტად, ვიდრე პროფესიონალ ვიზაჟისტად.

ანა ტაკაჰაში

ანა ტაკაჰაში 26 წლისაა და უკვე არაერთ ცნობილ ჟურნალთან და პოპ კულტურის სხვადასხვა წამყვან ვარსკვლავთან თანამშრომლობს. მისი პორტფოლიო საკმაოდ ბევრ ცნობილ ედითორიალს აერთიანებს, მათ შორის არის იტალიური Vogue-ის 2023 წლის მარტის ყდა, რომელზეც ჟიზელის ფოტოა დაბეჭდილი. ლეგენდარული სუპერმოდელის არტისტული გრიმის ავტორი სწორედ ანა ტაკაჰაშია.

ანა ტაკაჰაშის ნამუშევრებში სხვადასხვა კულტურისა და პოპ კულტურის ნარატივები იგრძნობა. ანას პორტფოლიოს ერთ-ერთი დამახასიათებელი დეტალი კი 90-იანი წლებისათვის ჩვეული ტრენდების ორიგინალური და ნოსტალგიური რეპრეზენტაციაა.