“26 წლის მსახიობი – ფლორენს პიუ 2023 წლის ზამთრის გამოცემის ყდაზეა,“ ვკითხულობთ ამერიკული ვოგის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე. გამომდინარე იქიდან, რომ “Vogue” ყოველთვიური ჟურნალია და ნომრები არა სეზონების, არამედ თვეების მიხედვით გამოდის, „ზამთრის გამოცემის“ წარდგენა რა თქმა უნდა იქცევს მკითხველთა ყურადღებას.
2019 წლის ბოლოდან, ვოგში მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. ახალი სტრატეგიით, ჟურნალის ყველა ქვეყნის გამოცემა ერთიანი პოლიტიკისა და სარედაქციო ღირებულებების სქემაში მოექცა. მას შემდეგ, ვიხილეთ არაერთი პრეცედენტული ნომერი. 2020 წელს, ვოგის საუკუნოვან ისტორიაში პირველად, ოცდაშვიდივე გამოცემა ერთ თემის გარშემო გაერთიანდა. იმავე წელს, განსხვავებულმა გამოცემებმა ერთობლივი კონტენტის წარდგენაც დააანონსეს. მარტივად რომ ვთქვათ – ვოგი გლობალური გახდა.
2021 წლიდან ვოგში დაიწყო რეგიონალური რედაქტორების დანიშვნაც და გაჩნდა ახალი თანამდებობები, მაგალითად: ევროპული გამოცემების ზოგადი სარედაქციო კურსის ხელმძღვანელი. ეს პოზიცია ბრიტანული ვოგის მთავარმა რედაქტორმა, ედვარდ ენინფულმა დაიკავა. მიუხედავად მასშტაბური ცვლილებებისა, “Vogue” ინარჩუნებდა ყოველთვიური ჟურნალის ფორმატს, თუმცა ამერიკული გამოცემის ახალი ნომერი გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა მალე აღნიშნული სარედაქციო ტრადიციაც გადაიხედოს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოცემა სრულად სეზონური გახდეს, თუმცა შერეული ფორმატი უკვე სავსებით დასაშვებია.
შეგახსენებთ, რომ ვოგის ახალი მიმართულების გეზის განმსაზღვრელი ანა ვინტურია, რომლის გავლენის საზღვრებიც ახლო წარსულში კიდევ უფრო გაფართოვდა. 2020 წელს, ვინტური ვოგის და ზოგადად, Condé Nast-ის ყველა გლობალური ჟურნალის საგამომცემლო სამსახურის უფროსად დაინიშნა, გარდა The New Yorker-ისა.