ამერიკელ დიზაინერთა საბჭო და ვოგი ამაზონთან პარტნიორობით ახალ ონლაინ მაღაზიას ქმნიან, რომელიც 20-ზე მეტი ახალგაზრდა და დამოუკიდებელი ამერიკელი დიზაინერის ტანსაცმელს გაყიდის. სიახლე მოდის ბიბლიის მთავარმა რედაქტორმა,ანა ვინტურმა გაავრცელა. ვინტურმა და ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტმა, ტომ ფორდმა, პანდემიით დაზარალებულ დიზაინერთა მხარდასაჭერად, ახალი ფონდი ‘Common Thread’ ერთი თვის წინ შექმნეს. ფონდმა მოკლე დროში შეძლო თითქმის 5 მილიონი დოლარის შეგროვება,რაც შთამბეჭდავი და ამერიკული მოდის ახალი თაობისთვის იმედისმომცემია, თუმცა არასაკმარისიც.
ამაზონთან მიღწეული შეთანხმება Common Thread – ის მისიის ნაწილია, რომელიც ახალგაზრდა დიზაინერების მცირე ბიზნესს გადარჩენაში დაეხმარება. იმის ფონზე, რომ კრიზისი თვალსაჩინოა და ბოლო რამდენიმე თვეში, არაერთი საკულტო სავაჭრო დაწესებულება გაკოტრდა, ონლაინ გაყიდვების გიგანტი, ამაზონი მსოფლიო პანდემიის დროსაც ახერხებს გაზრდას.
ახალი პლატფორმის გარდა, ამაზონმა ვოგის და CFDA – ის (ამერიკელ დიზაინერთა საბჭო) ფონდს, Common Thread – ს ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერა ნახევარი მილიონი დოლარის გადარიცხვის სახითაც გამოუცხადა.
უნდა ვივარაუდოთ,რომ შეთანხმების მიღწევა ანა ვინტურის და ამაზონის მფლობელის, ჯეფ ბეზოსის პირადი ნაცნობობის შედეგია. ბეზოსი ვინტურთან ერთად ხშირად შეუმჩევიათ. ბოლოს ისინი ერთად ტომ ფორდის ჩვენებას ესწრებოდნენ, რომელიც 3 თვის წინ ლოს-ანჯელესში გაიმართა.
აღნიშვნას იმსახურებს ფაქტი, რომ გაყიდვების გიგანტი მაღალი მოდის დიზაინერებთან მჭიდროდ დაკავშირებული არასდროს ყოფილა. შესაძლოა არც კი არსებობდეს ადამიანი, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომა აქვს და ამაზონის შესახებ არ სმენია, თუმცა ალბათ დამეთანხმებით,რომ როდესაც ძვირადღირებული სამოსის შეძენაზე ვფიქრობთ, ამაზონი არ არის პლატფორმა, რომელიც პირველი გვახსენდება. საინტერესოა, როგორი იქნება ამაზონის და მაღალი მოდის გზების კვეთა და რა შედეგებამდე მივლენ ისინი, ვინც ახლა ამერიკული მოდის მომავლის ხსნას ამაზონის ჩართულობაში ხედავენ.