როდესაც სექტემბრის ნომერზე ვფიქრობთ, მოდის ბიბლიის, Vogue -ს მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი და მღელვარება გვაქვს, თუმცა თითქმის ყოველ წელს, სექტემბრის ნომრებს ჰყავს მოულოდნელი ვარსკვლავი. 2020 წლის სექტემბრის ვარსკვლავი ალურია. Allure – ს 2020 წლის სექტემბრის ნომრის ყდაზე გამოსახულია 21 წლის მოდელი, მსახიობი და აქტივისტი, ჰანტერ შეფერი.

უნდა ვაღიაროთ, რომ სილამაზის ინდუსტრიაზე ორიენტირებული ჟურნალის გარეკანზე იმ მსახიობის დაბეჭდვა, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება HBO – ს ჰიტ შოუდან, Euphoria -დან მოიპოვა, ძალიან კარგი არჩევანია. Euphoria-ს მაკიაჟი ინდივიდუალიზმისა და თვითგამოხატვის ერთგვარ სიმბოლოდ პოზიციონირდა, რომელიც გარკვეული მესიჯებისა და მინიშნებების მატარებელიც არის. ჰანტერის მოდის ინდუსტრიაში წარმატების საიდუმლოც სწორედ მის ინდივიდუალურ სტილში უნდა ვეძიოთ.

მოდელს და მსახიობს გარეკანზე Iris van Herpen-ის სამოსი ამშვენებს. ფაქტი, რომ დიდი ამერიკული ჟურნალი, სექტემბრის ნომრისთვის, გვთავაზობს ნიშურ დიზაინერს, რომელიც არ არის წარმოდგენილი გიგანტი მოდური სახლების რუკაზე და რომელსაც არ აქვს რეკლამებისთვის განკუთვნილი მულტი-მილიონიანი ბიუჯეტი, თუმცა თანამედროვე მაღალ მოდაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ხელოვანია, მხოლოდ შექებას იმსახურებს.


Allure სექტემბერი 2020

ფოტოგრაფი: Daniella Midenge
სტილისტი: Nicola Formichetti
ვარცხნილობის სტილისტი: Rena Calhoun
ვიზაჟისტი: Holly Silius