გაზრდილი წნეხის ფონზე ადიდასმა ქანიე ვესტთან თანამშრომლობის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. “ქანიეს ბოლოდროინდელი კომენტარები და ქმედებები მიუღებელი, სიძულვილით სავსე და საშიშია, ის ლახავს კომპანიის ფასეულობებს, ორმხრივ პატივისცემასა და სამართლიანობას,” – ნათქვამია ადიდასის ოფიციალურ განცხადებაში. ადიდასი აღარ აწარმოებს Yeezy-ის ბრენდირებულ პროდუქტებს, შეაჩერებს ყველანაირ გადახდებს, რაც დაკავშირებულია ქანიეს პროექტთან. შედეგად, სპორტულ გიგანტს ამერიკელ რეპერთან კოლაბორაციის დასრულება თითქმის 250 მილიონი დოლარი დაუჯდება.

A Yeezy Boost 350

აქვე შეგახსენებთ, რომ BOF-ის ცნობით, გერმანული კომპანია კრიზისულ პერიოდს გადის. მიზეზი მათ სნიკერებზე ჩინეთსა და დასავლურ ბაზრებზე მოთხოვნის მკვეთრი დაცემაა. ბრენდი წლის ბოლომდე მხოლოდ 4%-იან ზრდას ელოდება, აღსანიშნავია, რომ ამ მომენტამდე მოსალოდნელი ზრდა წლის ბოლო კვარტლისთვის 7%-ს შეადგენდა. თუ რუსეთის ბაზრის დატოვებასაც გავითვალისწინებთ, ქანიესთან თანამშრომლობის გაწყვეტა, ადიდასისთვის წელს მეორე დიდი დარტყმაა.

Adidas-თან კოლაბორაციის დასრულება, ქანიეს ფინანსურ მდგომარეობასაც აზიანებს. გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, მას შემდეგ, რაც გერმანულმა კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა თანამშრომლობის შეწყვეტა, რეპერმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა.

Tags :