
სპორტული ტანისამოსისა და აქსესუარების გერმანული კომპანია კიდევ ერთ გახმაურებულ თანამშრომლობას ასრულებს. საერთაშორისო პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ადიდასი და ბიონსე IVY PARK პროექტს ხურავენ. Adidas-ს და ამერიკელ მუსიკოსს შორის თანამშრომლობის განახლების შესახებ სიახლე პირველად 2018 წელს გახდა ცნობილი. მაშინ, სპორტულმა გიგანტმა ბიონსე შემოქმედებით კოლაბორატად წარადგინა. ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, ვარსკვლავმა განაახლა IVY PARK – ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც მან Adidas-ის ქოლგის ქვეშ ჯერ კიდევ 2016 წელს შექმნა. ამგვარად, დაიბადა Adidas x IVY PARK, ოთხწლიანი თანამშრომლობა, რომელიც ბუნებრივია, რომ მეტწილად სწორედ სპორტული, აქტიური ცხოვრების სტილის შესაფერის სამოსს მოიცავდა.

სიახლეს მოულოდნელს ვერ ვუწოდებთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 2022 წელს, Adidas x IVY PARK-ის გაყიდვები 50%-ით შემცირდა. აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, გერმანულმა კომპანიამ ქანიე ვესტის Yeezy x Adidas პროექტის დასრულების გადაწყვეტილებაც მიიღო.